სი ძინპინი - ჩინეთის არმია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი უნდა გახდეს
ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ხელისუფლებამ ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს შეირაღებულ ძალად უნდა გადააქციოს. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ლიდერმა სი ძინპინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე განაცხადა.
„არმია უნდა იქცეს მსოფლიო კლასის შეირაღებულ ძალად კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობებით, რათა ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების დაცვა საიმედოდ შეძლოს. წარსულში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით და მომავლის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ეროვნული თავდაცვისა და სამხედრო ძალების მოდერნიზაციის დაჩქარება“, – განაცხადა სი ძინპინმა.
ჩინელი ლიდერის თქმით, მისი ქვეყანა სხვა სახელმწიფოების პოზიტიურ გამოცდილებებს მიიღებს.
„გვსურს სხვა კულტურების მიღწევების შესწავლა. აგრეთვე მივესალმებით სასარგებლო წინადადებებსა და პოზიტიურ კრიტიკას. კომუნისტური პარტია და ჩინელი ხალხი მიჰყვება მის მიერ არჩეულ გზას ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის“, – დაამატა სი ძინპინმა.
2015 წლის ბოლოდან, ჩინეთის ხელისუფლებამ შეირაღებული ძალების მძლავრი რეფორმა დაიწყო, რომელსაც მრავალმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტმა უკვე უწოდა „ყველაზე რადიკალური“ ამ არმიის ისტორიაში. გარდა იმისა, რომ ცოცხალი ძალა 300 000-ით შემცირდა და 2 მილიონით განისაზღვრა, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა არმიის საორგანიზაციო სტრუქტურაში, აგრეთვე მართვისა და კონტროლის სისტემაში.