შვიდი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „ახალი“, „გირჩი მეტი – თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც, მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად, სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“.
ამასთან, განცხადების ხელმომწერი პარტიები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და მოქალაქეებს მიმართავენ.
„„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებასთან და წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ხელისუფლების აშკარა პროვოკაციას, რაც იწვევს ადამიანების ბუნებრივ, გულწრფელ და მშვიდობიან პროტესტს.
მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაცია საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც დაცულია საერთაშორისო კონვენციებით. ამ უფლების წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც, მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად, სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს:
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პოლიციელმა უარი უნდა თქვას უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე. პოლიციელისთვის უკანონო ბრძანების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა, ხოლო პოლიციელი, რომელიც უარს იტყვის აშკარად უკანონო ბრძანების შესრულებაზე, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან;
მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, მიდევნება, სპეციალური საპოლიციო საშუალებების უკანონო გამოყენება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უკანონო შეზღუდვა წარმოადგენს დანაშაულს, რომლებზეც აუცილებლად დადგება ბრალეული პირების პასუხისმგებლობა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში. ყველა მოძალადე, განურჩევლად რანგისა, პასუხს აგებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე.
მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს და ვდებთ პირობას, რომ ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან, რომლებიც უკანონოდ შეზღუდავენ თქვენს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებს.
ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას რუსული კანონისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის საბოლოო გამარჯვებამდე. არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“ – აღნიშნულია განცხადებაში.