გელა ნიკოლაიშვილი - კეზერაშვილთან კავშირი ძალიან წამგებიანია პარტიებისთვის, მაგრამ ჯერ იმის ნიშნები არ ჩანს, რომ ის გავლენებს დათმობს
გელა ნიკოლაიშვილი - კეზერაშვილთან კავშირი ძალიან წამგებიანია პარტიებისთვის, მაგრამ ჯერ იმის ნიშნები არ ჩანს, რომ ის გავლენებს დათმობს

კეზერაშვილთან დაკავშირებით ჯერ სასამართლომ დაადგინოს და მერე ვილაპარაკოთ, უდაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევთო, რომ ამბობენ და ბატონი მანჯგალაძეც საუბრობდა ამაზე, ასეთი მიდგომა შეიძლება გაიზიარო იმ შემთხვევაში, თუ ყველას მიმართ არის ასეთი მიდგომა, – განაცხადა იურისტმა, გელა ნიკოლაიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ჩვენ გვინახავს არაერთი მიდგომა, როდესაც რაღაც ჭორის სახით გავრცელდებოდა და დაიწყებოდა, გადადგეს ის, ეს, დააკავეთ, ბრალი წაუყენეთო. რა თქმა უნდა, მე, როგორც იურისტს და ადვოკატს ინსტინქტი მაქვს, რომ უნდა დავიცვა ადამიანი და აქედან გამომდინარე, მეც ვამბობ, რომ დღეს არც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი და არც ალბათობის მაღალი ხარისხი არ არის, მაგრამ, როგორც მინიმუმ, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ როცა ამხელა სქემა და მილიარდამდე თანხის გაფლანგვაა, კვამლი უცეცხლოდ არ არის“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ კეზერაშვილმა დათმოს პოლიტიკური გავლენები, რაშიც, სავარაუდოდ, სოლიდური თანხა აქვს გადახდილი, რადგან ის არც მალავს, რომ მედიასა და ოპოზიციურ პარტიებში ფულს ხარჯავს, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ დღეს, მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მასთან კავშირი ძალიან წამგებიანია პარტიებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით იმის ნიშნები არ ჩანს, რომ კეზერაშვილი გავლენებს დათმობს.

„ამას გიგა ბოკერია და მისი მეუღლე თუ პარტიის წარმომადგენლებიც წერენ თითქმის ყოველდღიურად, რომ 2017 წლამდე მათ აფინანსებდა კეზერაშვილი, მაგრამ მერე, რომ მოითხოვა, არა მხოლოდ დაფინანსება მინდა, არამედ მინდა, თქვენ მარიონეტები იყოთ და მე გათამაშოთო, მათ უარი უთხრეს. ასე ამბობენ ისინი და, სავარაუდოდ, ეს სიმართლეა. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ყველა პარტიის დაფინანსება მოინდომა კეზერაშვილმა, რომელიღაც ხომ გაიმარჯვებს და ყველა ჩემი იყოსო. დაახლოებით, აი, ასე, მოჭადრაკე რომ ჭადრაკის ფიგურებს გადააადგილებს. დღეს, მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან წამგებიანია პარტიებისთვის. თავი დავანებოთ იმას, ეს სავარაუდო დანაშაულია, შესაძლო დანაშაულია თუ რა არის, რეალურად, აქ არის მისი რეპუტაციული ზიანი და, ამისგან გამომდინარე, ამ პარტიებსაც მიადგა ზიანი. შემთხვევითი არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერი იმის გამო გავიდა პარტიიდან, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილი იდგნენ ამ პარტიის დაფინანსების უკან, რასაც არც მალავდნენ. ჯერჯერობით იმის ნიშნები არ ჩანს, რომ კეზერაშვილი გავლენებს დათმობს, თუმცა, მე თუ მეკითხებით, მისი პოზიციიდან, თუ ის საქმეზე ზრუნავს და არა – საკუთარ თავზე, უფრო გონივრული იქნებოდა, ამ პარტიებს ჩამოაცილოს ტვირთი, რომელსაც ჰქვია დავით კეზერაშვილი და მისი რეპუტაცია. გონივრული იქნება, ის ჩამოსცილდეს პოლიტიკასაც და ჟურნალისტიკასაც, დანარჩენი კი, თუ თავისი სიმართლის დამტკიცება უნდა, ამტკიცოს მერე სასამართლოში“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი, რომ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ევროპულ ქვეყნებში კეზერაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები გადაიხედოს, რადგან ის ქართული სასამართლოს მიერ არის გასამართლებული და არის ძებნილი, თუმცა ფაქტია, მისი გადმოცემა დღემდე არ ხდება, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ეეჭვება, ეს ასე მოხდეს, რადგან მას და სააკაშვილის ხელისუფლების სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ასევე ძებნილები არიან, საკმაოდ გავლენიანი მფარველები ჰყავთ.

„იგივე ადეიშვილი ვთქვათ, ასეთი ოდიოზური ფიგურა. აშშ-ის საელჩო ამ მოსამართლეებს თუ კორუმპირებულს უწოდებს, ადეიშვილი არის ის ფიგურა, ვინც პოლიტიკური კორუფცია არა თუ დათესა, მგონი, გამოიგონა ეს სქემა და ჯიბეში ჩაისვა სასამართლო, რადგან კარტბლანში მიცემული ჰქონდა პრეზიდენტისგან. მას ასევე მისჯილი აქვს დაუსწრებლად და ასევე მფარველობენ, ის კი არა, პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიცემული და მაღალ პოზიციაზეა დანიშნული. გარკვეული ძალების მიერ სააკაშვილის ხელისუფლების ნებისმიერი არაადამიანური, ანტიდემოკრატიული ქმედება შეფასებული იყო, როგორც „დემოკრატიის შუქურა“ და, ბუნებრივია, ისინი თავიანთ მამაძაღლს ვერ ელევიან, თორემ მშვენივრად იციან, ვინ არის შუქურა და ვინ – ანტიდემოკრატიული. აქედან გამომდინარე, მე არ ველოდები, რომ ის ძალები დაუშვებენ კეზერაშვილის გადმოცემას. ჩვენთან მას მისჯილი აქვს, მაგრამ არ გადმოსცემენ. იქ რაღაც სასწაული თუ მოხდა და გაასამართლეს, იქ მოიხდის სასჯელს და არა – საქართველოში“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.