შვეიცარიის ელჩი - პრეზიდენტობის კანდიდატების „ეთიკის კოდექსი“ საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია
პრეზიდენტობის კანდიდატების „ეთიკის კოდექსი“ საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, – ამის შესახებ შვეიცარიის ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა პრეზიდენტობის კანდიდატების „ეთიკის კოდექსის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს გარკვეულწილად ნიშნავს პოლიტიკური კულტურის ცვლას, ისეთი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატებს გულისხმობს.
„საქართველოში არის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს საარჩევნო კამპანიებს, მაგრამ როგორც გამოცდილებამ აჩვენა, არ არის საკმარისი, რომ კანდიდატები ჩაერთონ მაგალითად, უფრო კონკურენტუნარიან დებატებში. სწორედ ამიტომ შვეიცარიამ საჭიროდ ჩათვალა, საქართველოში ისევე როგორც ტუნისში, შეგვემუშავებინა ეთიკის პრინციპები, რომელთაც ყველა კანდიდატი გაითვალისწინებდა. დრო, როდესაც კამპანია ეფუძნება ერთმანეთის შეურაცხყოფას და სხვა ოპონენტების დაკნინებას, ეს კულტურა უნდა შეიცვალოს საქართველოში, რადგან ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა საკმარისი არ არის“, – განაცხადა შვეიცარიის ელჩმა.
პრეზიდენტობის კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაცია დღეს გაიმართა.