საფეხბურთო კლუბ ქობულეთის “შუქურას” ფეხბურთელი კოტ-დივუარის მოქალაქე, 29 წლის მცველი სტეფან დასე თურქეთში არ შეუშვეს. როგორც „შუქურას“ „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი, აფრიკელ ლეგიონერს ქვეყანაში შესვლისას ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.
“სტეფან დასე ქობულეთშია და გუნდის დაბრუნებამდე ინდივიდუალურად მოემზადება. თურქეთში კი სავიზო პრობლემების გამო ვერ შევიდა” – წერს “შუქურას” გვერდი.
29 წლის მცველი კოტ-დივუარის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. ის ”შუქურაში” შარშან ჩაირიცხა და ქობულეთის გუნდში მარცხენა მცველად თამაშობდა.
მსგავსი პრობლემების წინაშე ადრე სხვა ქართული გუნდიც დამდგარა. მაგალითად, აბაიომო სეუნი ოვონიკოკო შეკრებაზე “გაგრას” ვერ გაჰყვა, ელვინ ტერა – “საბურთალოს”, რადგან თურქეთში აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებზე ვიზებს დიდი სიფრთხილით გასცემენ.
ქობულეთის “შუქურას” რაც შეეხება, კლუბი 10 თებერვლიდან თურქეთში ემზადება.