შუახევში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა, რომელიც სამ სოფელს – დაბაძველს, კლდის უბანსა და ბესელაშვილებს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხიდით 140 ოჯახი ისარგებლებს. მოასფალტდა ასევე ცენტრალური ავტომაგისტრალიდან ხუდამდე მისასვლელი გზაც. გარდა ამისა, შუახევში დასრულდა საავტომობილო ხიჭაური-ახალდაბის და ახალდაბა-წყაროთის გზის მონაკვეთებზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ახალი გზით 300-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში მოეწყო 11 975 კვ.მ. ასფალტობეტონის საფარი და დამცავი ხელოვნური ნაგებობა. ახალი ხიდი აშენდა ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქოსოფელშიც.
შუახევსა და ქედაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.
„ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ განვითარება იგრძნობოდეს ყველგან, პროექტები სრულდებოდეს ხარისხიანად დადგენილ დროში. დღეს შუახევსა და ქედაში დავათვალიერეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი. ოქროპირაულს პირველად ექნება თანამედროვე საავტომობილო ხიდი, რომელიც ასეულობით ოჯახს შეუმსუბუქებს ცხოვრებას. აქვე, ახალდაბაში ვნახეთ ახალი საავტომობილო გზა, რომელიც 300-მდე ოჯახს მისცემს შესაძლებლობას, გადაადგილდნენ ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
მისი თქმით, ასევე ქედაში შენდება სოციალური სახლი და ხორციელდება რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები.