შტეფან მაისტერი - „ქართული ოცნება“ თუ რჩება ხელისუფლებაში, მას აქვს უპირატესობა ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ასევე მემარჯვენე ფრთის გაძლიერებით, როგორიცაა ორბანი უნგრეთში
შტეფან მაისტერი - „ქართული ოცნება“ თუ რჩება ხელისუფლებაში, მას აქვს უპირატესობა ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ასევე მემარჯვენე ფრთის გაძლიერებით, როგორიცაა ორბანი უნგრეთში

ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ თუ რჩება ხელისუფლებაში, მას აქვს უპირატესობა ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ და ასევე მემარჯვენე ფრთის პოპულისტების გაძლიერებით, ისეთების, როგორიცაა ორბანი უნგრეთში. „ქართული ოცნებისთვის“ ეს პოზიტიური ტენდენციაა, – ამის შესახებ „გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ (DGAP) აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა, შტეფან მაისტერმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რაც შეეხება გერმანიის ახალ მთავრობას, შტეფან მაისტერის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ საქართველო და სამხრეთ კავკასია იქნება პრიორიტეტული.

„ეს ვნახეთ ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში. ეს არ არის საკმარისად პრიორიტეტული, რათა ჩართული იყო სხვადასხვა დონეზე. განსაკუთრებით ყველა სხვა კრიზისის ფონზე ევროპაში. მათ შორისაა უკრაინაში მიმდინარე ომი, ურთიერთობები აშშ-თან, სავაჭრო ომები და კონკურენცია აშშ-თან. ვფიქრობ, სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო ნაკლებად პრიორიტეტული იქნება ჩვენი ახალი მთავრობისთვის. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს საინტერესო კავშირი კასპიის ზღვასთან, ცენტრალური აზიის მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს პრიორიტეტი და პრიორიტეტი იქნება, ასევე, სტაბილური მთავრობა საქართველოში. ასე რომ, ვფიქრობ, გერმანელების და ევროპელების პოლიტიკა უფრო იქნება ნაკლებად ორიენტირებული ღირებულებებზე და უფრო მეტად იქნება რეალპოლიტიკა, პრაგმატული პოლიტიკა, მათ შორის ვაჭრობა, დაკავშირებადობა. ჩემი აზრით, ეს ტენდენცია, რომელიც შეიძლება ვნახოთ, ასევე „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს“, – განაცხადა მაისტერმა.

ამავე ინტერვიუში შტეფან მაისტერმა გერმანიაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზეც ისაუბრა. შტეფან მაისტერთან ინტერვიუს სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.

ცნობისთვის, შტეფან მაისტერი 2019-21 წლებში თბილისში მუშაობდა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდს ხელმძღვანელობდა.