ჩინეთის ელჩი - ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მაღალი დონის ვიზიტები და კავშირები ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა დარგში, უკვე ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს [ინტერვიუ]
ჩინეთის ელჩი - ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მაღალი დონის ვიზიტები და კავშირები ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა დარგში, უკვე ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს [ინტერვიუ]

7 დეკემბერს პეკინში ჩინეთ-ევროკავშირის სამიტი ჩატარდა. 2019 წლის შემდეგ ეს იყო ჩინეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი, რომელიც  პირისპირ ჩატარდა. სამიტზე განხილულ საკითხებთან, მხარეებს შორის არსებულ უთანხმოებებთან, ასევე საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი  დერეფნის როლთან და ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორბასთან დაკავშირებით საქარველოს პირველი არხი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს ესაუბრა.

რა იყო ჩინეთ-ევროკავშირის სამიტის მთავარი თემები? როგორ აფასებთ ჩინეთისა და ევროკავშირის ამჟამინდელ ურთიერთობას? არიან ისინი პარტნიორები  თუ  მეტოქეები?

7 დეკემბერს პეკინში წარმატებით ჩატარდა რიგით 24-ე ჩინეთ-ევროკავშირის ლიდერთა სამიტი. ეს იყო პანდემიის შემდგომ პირველად ჩატარებული ამგვარი შეხვედრა. პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ასევე, გაიმართა ჩინეთის პრემიერის, ლი ციანგის შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებთან. მხარეებმა ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებისა და სხვა საკითხების ირგვლივ საკმაოდ  ხანგრძლივი, პირისპირი საუბრები გამართეს და ურთიერთგაგებას მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნებენ ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების სტრატეგიულ სტაბილურობას. მათი თქმით, გასული წლის ბოლოდან დაწყებული, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გაღრმავდა და მაღალ დონეზე არაერთი მოლაპარაკება გაიმართა სტრატეგიის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, გაციფრულებისა და სხვა საკითხების ირგვლივ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნებენ სტაბილური განვითარების სტრატეგიას, ევროპულმა მხარემაც კიდევ ერთხელ აღნიშნა და მზადყოფნა გამოთქვა ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონსტრუქციული და სტაბილური განვითარებისა. მხარეები თანახმა არიან, რომ გააგრძელონ ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩინეთმა და ევროკავშირმა დაამყარეს მრავალმხრივი, მრავალდონიანი და ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა, ორმხრივი ვაჭრობა ექვსჯერ გაიზარდა, ორმხრივი ინვესტიციების მოცულობა კი – ხუთჯერ. დღესდღეობით, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა აღწევს 2.3 მილიარდ ევროს, რასაც ორივე მხარის მოსახლეობისთვის საგრძნობი სარგებელი მოაქვს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალებით გაუმკლავდებიან გლობალურ გამოწვევებს. მხარეები უჭერენ მხარს მულტილატერალიზმს და თანახმანი არიან, გააძლიერონ კომუნიკაცია და კოორდინაცია გაერო-სა და სხვა მულტილატერალურ ჩარჩოებში, ხელი შეუწყონ რეფორმების განვითარებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში, მოახდინონ რეაგირება ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორებიცაა საკვების უსაფრთხოება, კლიმატური ცვლილებები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე კონფერენციის (COP28) პოზიტიური შედეგების განხორციელება. გარდა ამისა, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ კომუნიკაციასა და კოორდინაციას მნიშვნელოვან საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჩინეთი კვლავაც გააგრძელებს მშვიდობისკენ, მოლაპარაკებების გამართვისკენ მოწოდებას, კრიზისის პოლიტიკური გადაჭრისკენ მოწოდებას და ევროპული მხარის მხარდაჭერას, რომ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ ყველაფერში. შეხვედრების პროცესში ჩინეთმა გამოხატა წუხილი ევროკავშირის „რისკებისგან გათავისუფლებისა“ და შემზღუდველი სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რაც ასევე მოიცავს ჩინური ელექტრომანქანების მიმართ დაწყებულ ანტისუბსიდიურ გამოძიებას, 5G-სთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა. ჩინეთმა მოუწოდა ევროკავშირს, რომ შეინარჩუნოს სავაჭრო-საინვესტიციო ბაზრის გახსნილობა, ჩინურ კომპანიებს შესთავაზოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული ბიზნესგარემო და წინდახედულად გამოიყენოს ვაჭრობის დაცვითი ზომები. თავის მხრივ კი, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ არ გაწყვეტს კავშირს ჩინეთთან, არ ჩაიკეტება საკუთარი შიდა ბაზრის ფარგლებში და დაიცავს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებსა და პრინციპებს სამართლიანი კონკურენციის შესახებ. მიმდინარე წელი ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მრავალმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილეა, ასევე, გახლავთ 25-ე წელი, რაც ჩინეთისა და ევროპული ქვეყნების ლიდერები ამგვარი მექანიზმით ხვდებიან ერთმანეთს. ჩინური მხარე ჩინურ-ევროპულ ურთიერთობებს ყოველთვის აღიქვამდა და აღიქვამს პარტნიორულ ურთიერთობებად, ჩინეთი მხარს უჭერს ევროკავშირის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ. მსოფლიოს ორ უდიდეს ძალას შორის გარკვეული  აზრთა სხვადასხვაობის არსებობა ძალიან ბუნებრივი და ნორმალურია. მთავარია, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის ერთობლივი ინტერესები უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უთანხმოებები, და ორივე მხარე ძირითადად ურთიერთთანამშრომლობაზე არის კონცენტრირებული.

სამიტის შემდგომ ევროკავშირის ლიდერებმა ახსენეს, რომ მიუხედავად 2.3 მილიარდ ევროს მოცულობის ყოველდღიური სავაჭრო ბრუნვისა, ეს ბრუნვა არ არის თანაბრად განაწილებული და ევროკავშირის მხარეს არის სავაჭრო დეფიციტი. ჩინეთს რა პასუხი აქვს ამასთან მიმართებაში?

მხოლოდ სავაჭრო დეფიციტით ორმხრივი ვაჭრობის შეფასება უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ჩინეთიდან ევროკავშირში მაღალხარისხიანი და შეღავათიანი ფასის მქონე პროდუქციის შესვლა, პირველ რიგში, ევროკავშირის მოსახლეობას მოუტანს სარგებელს. გარდა ამისა, ჩინეთიდან ევროკავშირში შესული პროდუქციის 1/3 არის ისეთი პროდუქცია, რომელშიც ევროპული კომპანიების ინვესტიციებია. შესაბამისად, პროდუქციის 1/3-ის მიერ დაგენერირებული მოგება რჩება არა ჩინეთში, არამედ ევროკავშირის ინვესტორებს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სავაჭრო დეფიციტით ორმხრივი ვაჭრობის შეფასება არასწორი იქნება.

რუსეთ-უკრაინის ომმა მოახდინა თუ არა გავლენა ჩინეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული ქვეყნები ცდილობენ, შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება რუსეთზე და ეძიონ ახალი მარშრუტები და ენერგიის ახალი წყაროები?

მე ჩინეთის პოზიციას უკრაინის კრიზისის მიმართ განვაზოგადებდი ერთი სიტყვით, ეს არის მშვიდობა. ჩინეთის მხარემ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და ადამიანების  სიცოცხლის გადარჩენა. ამ კრიზისის უკან ძალიან ბევრი რთული ფაქტორია, ალბათ ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ ერთჯერადად გადავჭრათ ყველა უთანხმოება, თუმცა შეგვიძლია, რომ შევეცადოთ, შეწყდეს ომი და შეწყდეს სისხლისღვრა. ჩინეთი მუდამ უჭერს მხარს მშვიდობიან მოლაპარაკებებს იმ იმედით, რომ ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება დაცული და რომ ყველა მხარის გონივრული წუხილი უსაფრთხოების მხრივ სწორად იქნება შეფასებული. თუ ქვეყანას უნდა, რომ ჰქონდეს ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობა, ის აუცილებლად უნდა იცავდეს ყველა საერთაშორისო კანონმდებლობას, გაერო-ს ქარტიის ჩათვლით. რეალურად, ჩინეთიც ამ კრიზისის ერთ-ერთი დაზარალებული მხარეა, რადგან ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩინეთის უცხოურ ვაჭრობაზეც და უკრაინაში განხორციელებულ ინვესტიციებზეც. გვესმის, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩინეთისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ მაინც არსებობს მოლაპარაკებების შესაძლებლობა, ასევე არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ ჩინეთმა და ევროკავშირმა ერთობლივი ძალისხმევით წაახალისონ მშვიდობა. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არ არსებობს ჩინეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების და უკრაინის კრიზისის ერთმანეთთან დაკავშირების საფუძველი. ჩინეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამ კრიზისის მიმართ ობიექტური და ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და სხვა, მსგავსი პოზიცია გააჩნიათ. მეტიც, ამჟამად მსოფლიოში უფრო მეტია ისეთი ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც ნეიტრალური პოზიცია უჭირავთ ამ კონფლიქტში, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებიც რომელიმე ერთ მხარეს ემხრობიან. მიუხედავად ამისა, ევროპაში თითქმის არავინ აკავშირებს ერთმანეთთან ამ ქვეყნებისა და ევროკავშირის ურთიერთობას, მათ პოზიციას უკრაინის კრიზისთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით არ უნდა ახდენდეს გავლენას ჩინეთ-ევროპის ურთიერთობებზე. სინამდვილეში, უკრაინის კრიზისის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე, ვითარების ცვლილებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი ევროპელი ხვდება, რომ ჩინეთის პოზიცია კრიზისის გადაჭრის მიმართ არის გონივრული და ამჟამად უკრაინის კრიზისის მიმართ ჩინეთისა და ევროკავშირის პოზიციებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ გაღრმავებულა, არამედ, პირიქით, შემცირდა კიდეც.

როგორ ფიქრობთ, როგორია  საქართველოს როლი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის? და როგორ აფასებთ საქართველოს სტატუსს, ფუნქციას „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში?

საქართველო გახლავთ ის ქვეყანა, რომელზეც გადიოდა უძველესი აბრეშუმის გზა. გარდა ამისა, ის ასევე გახლავთ ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც ყველაზე ადრე გამოეხმაურა „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას და დღემდე მისი ძალიან აქტიური მონაწილეა. მიმდინარე წლის ივლისში ჩინური და ქართული მხარეების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განავითარონ ინვესტიციები და ვაჭრობა ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტრანსპორტირება, კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, შუა კორიდორის მშენებლობისა და განვითარების მიმართულებით და სხვა, გამოიყენონ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ჩინური ნაწარმის დასავლურ ბაზარზე შეუფერხებელი ექსპორტისთვის“. ჩინურ და ქართულ მხარეებს შორის ხელმოწერილი „თანამშრომლობის გეგმა ერთი სარტყელი – ერთი გზის ერთობლივი მშენებლობის შესახებ“ მოიცავს შემდეგ საკითხებს: ორ ქვეყანას შორის მაღალხარისხიანი პროდუქტებით ვაჭრობის გაფართოება, ტურიზმის, ფინანსებისა და სხვა მომსახურებებით ვაჭრობის გაძლიერება, ჩინური კომპანიების წახალისება ისეთ დარგებში ინვესტიციების განხორციელებისკენ, როგორებიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, წარმოება და საინფორმაციო ტექნოლოგიები და ამ თანამშრომლობის შინაარსი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს „შუა კორიდორის“ მშენებლობას, ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი განვითარების სტრატეგია, რომლის მიზანია საკუთარ თავზე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის როლის აღება ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთსა და სხვა ქვეყნებთან ერთად. მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევან დავითაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთში და დაესწრო პეკინში გამართულ რიგით მესამე საერთაშორისო თანამშრომლობის სამიტს, რომელზეც პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოაცხადა ჩინეთის მიერ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ მაღალხარისხიანი განვითარების მხარდაჭერის რვაპუნქტიანი გეგმა. აქედან პირველია ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ბლოკმატარებლის განვითარება და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობა. როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობას, ასევე ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი ექსპრესრკინიგზის გაფართოებას, ორივეს უდიდესი პოტენციალი აქვს შუა კორიდორის პროექტთან უფრო ღრმა ინტეგრაციისა. მჯერა, რომ ორივე ქვეყნის შესაბამისი ორგანოები შეიმუშავებენ გეგმას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ერთობლივი მშენებლობის დაჩქარება, შუა კორიდორის ფარგლებში კოორდინაციის გაძლიერება და ამ მიმართულებით მიაღწევენ უფრო მეტ შედეგებს.

ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადეს. როგორ ფიქრობთ, ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ორივე მხარეს რა  კონკრეტულ სარგებელს მოუტანს და რომელ დარგებში ხედავთ ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალს?

ივლისში ჩატარებული ვიზიტის შედეგად სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების კვალდაკვალ, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უკვე არაერთი პოზიტიური ტენდენცია და ცვლილება შეიმჩნევა. პირველ რიგში, ეს გამოიხატება მაღალი დონის ვიზიტების გახშირებაში. ვიზიტის შემდგომ საქართველოში ჩამოვიდნენ ჩინეთის სახელმწიფო საგადასახადო სამმართველოს ხელმძღვანელი, ეთნიკურ საქმეთა მართვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სიჩუანის პროვინციისა და სინძიანის ავტონომიური რეგიონების მთავრობების ხელმძღვანელები და სხვა. მაგალითად, ამ კვირაში ჩვენ ჩავატარეთ ჩინურ-სინძიანური პროდუქციის გამოფენა. გარდა ამისა, საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრნენ ჩინეთში გამართულ დიპლომატიურ ღონისძიებებს. შანხაის იმპორტის საერთაშორისო ექსპოზე საქართველოს სტენდმა უპრეცედენტო მოწონება დაიმსახურა. საქართველოს პრემიერის მიერ გამოცხადებული 30-დღიანი უვიზო რეჟიმიც აუცილებლად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას. ჩვენი ქვეყნების მთავრობებს შორის მაღალი დონის ვიზიტები და კავშირები ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა დარგში და ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ პოზიტიურ შედეგებს; მეორე არის ორმხრივი პრაგმატული თანამშრომლობით მიღწეული შედეგები. ჩინეთი დიდი ხანია, წარმოადგენს საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორს. ჯამში, ჩინურმა ინვესტიციამ საქართველოში 800 მილიონი დოლარი შეადგინა. მხარეები აფართოებენ თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ინდუსტრიული პარკები, ფინანსები, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა. სულ რაღაც წინა თვეს გაიხსნა რამდენიმე ჩინური კომპანიის მიერ აშენებული 27-კილომეტრიანი E60  გზის მონაკვეთი. გარდა ამისა, ჩინური კომპანიის მიერ განხორციელებული გვირაბის პროექტიც ძალიან კარგი ტემპებით განვითარდა, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და შუა კორიდორის პროექტის მშენებლობაში. ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება აუცილებლად გააღრმავებს და გააფართოებს ორმხრივ თანამშრომლობას. ჩემი მოსაზრებით, საქართველოს უდიდესი უპირატესობა მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობაა, ის ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ხელმოწერილი როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან და გარშემომყოფ რეგიონებთან. მსურს, აღვნიშნო ისიც, რომ ამ უპირატესობის გამოყენება საჭიროებს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის კოორდინაციას და ერთობლივ მხარდაჭერას. ამჟამად მხარეებს შორის ურთიერთობები კონცენტრირებულია „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის განვითარებაზე. გარდა ამისა, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი ისეთი დარგების მხრივ, როგორებიცაა ინდუსტრიული პარკები, მწვანე ენერგეტიკა, ციფრული ეკონომიკა, ფინანსები და სხვა. სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შემდეგ უფრო და უფრო მეტი ჩინური კომპანია ინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, ჩინეთი უკვე გადაიქცა საქართველოსთვის უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან წყაროდ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტი ჩინური კომპანია შემოვა და მივესალმებით მათ ინვესტიციებს საქართველოში.

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ჩინეთის უფრო აქტიურ მედიატორულ ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე მასშტაბურ გლობალურ მოვლენებში, იქნება ეს უკრაინის საკითხი თუ, მაგალითად, საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობები. ამა წლის გაზაფხულზე თქვენ შეხვდით ქართულ მედიას და გამოხატეთ მხარდაჭერა საქართველოში  კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ჩინეთის მიერ მედიატორის როლი ამ საკითხთან მიმართებაში?

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური პრინციპი არის გლობალური მშვიდობის დაცვა და მხარდაჭერა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ გასული წლის სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ახსენა, რომ ჩინეთი მწვავე თემებთან დაკავშირებით ყოველთვის თამაშობს მედიატორის როლს. როგორც პასუხისმგებლიანი დიდი ქვეყანა, სადავო საკითხების მოგვარების საჭიროებისას ჩინეთი ყოველთვის იყენებს ჩინურ მიდგომას, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის წინაპირობის დაცვით, შესაბამისი ქვეყნის მზაობისა და საჭიროების შემთხვევაში, ჩინეთი აქტიურად ერთვება მწვავე საკითხების მოგვარების პროცესში. ამ მოგვარების ძირითადი მეთოდია მოწოდება მშვიდობისკენ და მოლაპარაკებებისკენ, სამართლიანი და პრაგმატული მეთოდებით, პრობლემის ძირფესვიანად გადაჭრის პრინციპით. მან თავის გამოსვლაში ახსენა უკრაინის კრიზისი, პალესტინის საკითხი, კორეის ნახევარკუნძულის საკითხი და ავღანეთის საკითხი და მიმდინარე წელს ჩინეთის მედიაცია საუდის არაბეთის და ირანის შეთანხმებაზე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე, რაც თქვენც ახსენეთ. ასე რომ, თუ დაინტერესებული ქვეყანა გამოთქვამს სურვილს ჩინეთის მიერ მედიატორის როლის შესრულების თაობაზე, ჩინური მხარე მზად არის, თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის წინაპირობით, ზემოთ ხსენებული პრინციპების დაცვით აქტიურად შეიტანოს კონსტრუქციული წვლილი მედიაციის პროცესში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს, ტერიტორიული პრობლემები მშვიდობის გზით გადაჭრას, ასევე რეალური ნაბიჯებით ახდენს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის მედიაციას, ისწრაფვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. უთანხმოებების გადაჭრა დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით შეესაბამება როგორც სამივე ქვეყნის, ისევე, ზოგადად, რეგიონის ინტერესებს, ამგვარი მიდგომა ასევე ხელს შეუწყობს  რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩინური მხარე მხარს უჭერს საქართველოს და მის ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონში კონფლიქტების გადაწყვეტისა და მშვიდობის დამყარებისკენ.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მივესალმო თქვენს მაყურებელს და გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოს მოსახლეობა უკეთ გაიცნობს ჩინეთს, ჩინურ კულტურას და ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ხალხების ერთმანეთთან დაახლოებას.