შსს - თემქაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე მისი მეგობარია დაკავებული
შსს - თემქაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე მისი მეგობარია დაკავებული

თბილისში, თემქაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა,  მამუკა ჭელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შსს-მ თემქის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში, თემქის დასახლებაში შურისძიების მოტივით, მეგობარს, 1997 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს დანაშაულთან ბრძოლას და ამ პროცესში ვიქნებით უკომპრომისო და შეურიგებლები“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს დილით, გამთენიისას თბილისში, თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.