შსს - თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძრის დროს იორდანიის მოქალაქე დაიღუპა
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძრის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ჰოსტელში ხანძრის შედეგად, იორდანიის მოქალაქე, 1950 წელს დაბადებული მამაკაცი დაიღუპა.
„მსუბუქი დაზიანებები მიიღო ორმა პიროვნებამ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ჩადენილ ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებლის სახურავსა და მეორე სართულს მოეკიდა, შედეგად დაიწვა 200 კვადრატული მეტი ფართობი.