შსს-თან 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია იმართება [ფოტო]
ორთაჭალაში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით „ამ სისტემის დედაც“.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანა დოლიძის განცხადებით, შესაცვლელია რეპრესიული სისტემა, რომელმაც მორიგი არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ანა დოლიძის თქმით, გამოძიებამ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ამასთან, აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებაა.
„როდესაც გამწვავდა სიტუაცია, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა შსს-მ ნაბიჯების გადადგმა. სინამდვილეში ათას მიზეზს იგონებდნენ სიმართლის დასამალად. ჩვენ აქ ვართ, რათა მოვითხოვოთ ნათელი გამოძება. გვაინტერესებს, რატომ არ ჩართეს ფსიქოლოგი საქმეში, ვინ ესწრებოდა ბავშვთან გასაუბრებას და რატომ არ იყო ჩართული სოციალური მუშაკი. ამ ყველაფერზე ჩვენ მოვითხოვთ პასუხებს. სისტემა კვლავ არსებობს და კვლავ რეპრესიულია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კითხვებს გაეცეს პასუხები, ასევე ეს პასუხისმგებლობა ცალსახად უნდა გაიზიაროს მინისტრმა“ ,- განაცხადა ანა დოლიძემ.
შსს-ს ღობეს აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად შავი ლენტები დაამაგრეს.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.