შსს-სთან „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ აქციაზე დაპირისპირების დროს ტერიტორიიდან გაყვანილი სამი პირი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ აქციაზე დაპირისპირების დროს ტერიტორიიდან გაყვანილი სამი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობას ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და „დემოკრატიული მომავლისათვის“ წარმომადგენლები მართავენ. ისინი თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეების ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ.
ადგილზე დაპირისპირება ცოტა ხნის წინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს. სამართალდამცველებმა სამი პირი, მათ შორის, ზვიად კუპრავა გაიყვანეს ტერიტორიიდან.