შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საგაზაფხულო გაწვევის პირველი ეტაპის 98-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე დაესწრო. მან ახალწვეულებს ფიცის მიღება მიულოცა.
„ვთვლი, რომ სამხედრო სამსახურის გავლა თითოეული ქართველის ცხოვრებაში არის აუცილებელი ეტაპი, როდესაც ის თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის წინაშე და მონაწილეობს ისეთ დიდსაქმეში, რასაც საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება ჰქვია. გვსურს, რომ თქვენ, როგორც ამქვეყნის საიმედო მომავალმა თაობამ, შესაბამისი წვრთნების შედეგად, ჯარში მსახურების კარგიგამოცდილება მიიღოთ და ჯარისკაცისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები შეიძინოთ”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭყოიძე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები, სხვადასხვა რანგის სამხედრო მოსამსახურეები და ახალწვეულების ოჯახის წევრები.
ფიცის დადების ცერემონიალზე ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხსოვნას.
ღონისძიებაზე ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 13 წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა.
საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, ახალწვეულები ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.