შსს-ს ინფორმაციით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში ერთი ცხედარი იპოვეს, მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი ცხედარი იპოვეს, დაკარგული ორი პირის მიმართ კი საძიებო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაშველებმა ძებნის ღონისძიების ფარგლებში ცხედარი სოფელ ჯუმათში იპოვეს.
„გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.
ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული ორი პირის მიმართ კი გრძელდება საძიებო სამუშაოები.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112“-ის მიერ გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.