შსს - ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძე თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში რჩება
შსს - ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძე თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში რჩება

ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძე თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში რჩება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ტელკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ლავას ოღლის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე არის სიცრუე, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას – კრიმინალური ავტორიტეტის, ლავას ოღლის, იგივე მინდია გორაძის თურქეთის საპყრობილიდან გათავისუფლების შესახებ.

ტელეკომპანიისა და ლავას ოღლის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

თურქი სამართალდამცველების მოწოდებული ინფორმაციით, ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძე თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში რჩება და ის მეზობელი ქვეყნის საპატიმროში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 18 ივლისს აჭარაში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა, „კანონიერ ქურდს” მინდია გორაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ლავას ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

თურქმა სამართალდამცველებმა ლავას ოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს.

მინდია ლავას ოღლი 2018 წლის 20 ივნისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას და მას დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით“, – განაცხადა მინდია ბორცვაძემ.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.

„შეგახსენებთ ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე გაფართოვდა.

კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, – განაცხადა ბორცვაძემ.