შსს - კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების პროცესის დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების ფაქტზე - ორი, ხოლო ადმინისტრაციული წესით 18 ადამიანია დაკავებული
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების ფაქტზე – ორი, ხოლო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 პირი, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
მიმდინარე წლის 23 იანვარს, 11:00 საათიდან იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, ახორციელებდნენ გამოსახლების პროცედურას. მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ საპოლიციო დანაყოფები.
შეკრებილმა მოქალაქეებმა პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკურ წინააღმდეგობა და მათ არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას.
პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთები.
გამოსახლების პროცესში პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 353-ე მუხლით დაიწყო.
ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ორი პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით ასევე დაკავებულია 18 პირი.
დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.