შსს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ ასლან ბეჟანიძის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საუბნო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი – 1986 წელს დაბადებული ა. ბ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე, დ.ო.-სა და ა.ბ.-ს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ა.ბ.-მ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დ.ო.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი დ.ო., მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2016 წლის 26 მარტს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ა.ბ. დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და მას პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საგამოძიებო უწყების მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ბრალდებული გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ა.ბ.-ს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამართალდამცავებმა დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ასლან ბეჟანიძე დღეს დააკავეს. დაკავებისას ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.
ასლან ბეჟანიძეს უზენაესმა სასამართლომ დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიმდინარე წლის 29 მარტს მიუსაჯა. მას შემდეგ ის იძებნებოდა.
13 წლის წინ მოკლული დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე ასლან ბეჟანიძე ორმა ინსტანციამ გაამართლა, რის შემდეგაც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში საკასაციო სარჩელი წარადგინა.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, საქმეში წარმოდგენილი მოწმეები, პროკურატურასთან თანამშრომლობის საფუძველზე ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ და სწორედ ამ ჩვენებების საფუძველზე მიიღო უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება.