უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო
უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ორი ინსტანციის გადაწყვეტილება და დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით ასლან ბეჟანიძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ ექვსი წლის გატარება მოუწევს, რადგან მის მიმართ წარდგენილი მუხლი ამნისტირებულია, ცხრა თვე კი წინასწარ პატიმრობაში აქვს გატარებული.

უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ პროკურატურის საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა და გამამართლებელი განაჩენი გააუქმა.

კოლეგიის წევრთაგან გადაწყვეტილებას ნინო გვენეტაძემ და პაატა სილაგაძემ დაუჭირეს მხარი, ხოლო გიორგი შავლიაშვილი წინააღმდეგ წავიდა.

„აზრები გაიყო. ნინო გვენეტაძემ და პაატა სილაგაძემ მხარი დაუჭირეს იმ გადაწყვეტილებას, რასაც წავიკითხავ. მე მაქვს მხოლოდ განსხვავებული აზრი“, – აღნიშნა გიორგი შავლიაშვილმა.

პროკურატურა ბეჟანიძის მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებდა.

დავით ოთხმეზური 13 წლის წინ პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს.

საქმე მხოლოდ 11 წლის შემდეგ გამოაცხადეს გახსნილად. ასლან ბეჟანიძეს ბრალად ედებოდა 19 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობა. მან 9 თვე წინასწარ პატიმრობაშიც გაატარა.

საქალაქო სასამართლომ ბეჟანიძე გაამართლა. ის ასევე გაამართლა სააპელაციო სასამართლომაც. საკასაციო სარჩელში პროკურატურამ თქვა, რომ ბეჟანიძემ წლების წინ მკვლელობა ჩაიდინა, რაზეც ოპერატიული ინფორმაცია მაშინაც არსებობდა, თუმცა ის ოჯახის დახმარებით გამოძიებას მიემალა.

დატოვე კომენტარი