შსს - დარწმუნებით და ცალსახად ვაცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინა
შსს - დარწმუნებით და ცალსახად ვაცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინა

მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი, – ამის შესახებ შსს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი. ის არის ძებნილი, მის მიმართ არის დამდგარი განაჩენი, თუ ის გადმოკვეთს საზღვარს, დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დეპარტამენტში“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.