შსს ცივი იარაღის ტარებაზე პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს
შსს ცივი იარაღის ტარებაზე პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცივი იარაღის ტარებაზე პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” მომზადებული ცვლილებებით,  ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება ნორმების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით.

პროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნულ ადგილებში სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის ტარება, გამოიწვევს დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით. ამას გარდა, ინიციატივით განსაზღვრულია ცივი იარაღით ვაჭრობის სალიცენზიო პირობების დარღვევაც. კერძოდ, პროექტის მიხედვით, ცივი იარაღით ვაჭრობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში მოხდება, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 4000 ლარის ოდენობით.

ასევე ცვლილებებით განისაზღვრება, რომ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღით ვაჭრობა ან შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა, გამოიწვევს ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით, ასევე ცივი იარაღის კონფისკაციით.

ამასთან, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ცივი იარაღის ნასამართლობის მქონე პირისთვის ან არასრულწლოვნისთვის გადაცემა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის გადაცემა კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით.