ირაკლი კობახიძე - ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა
ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი.
„არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა შეაფერხოს ეკონომიკის განვითარება ოთხი მილიონი ადამიანისთვის. ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის პოლიციის გაძლიერება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. ვერავინ აღმართავს ხელს ქართული სახელმწიფოსა და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, მით უმეტეს ოთხი ასეული ადამიანი, რომელიც ცდილობს, ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას გარკვეული პრობლემები. ოთხი ასეული „ნაციონალის“ მხრიდან, არ შეიძლება, ჩვენ გავატაროთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პრინციპულად დაიცავს საკუთარ პოზიციებს და საკუთარ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.