შსს - 26 დეკემბერს გავრცელებული განცხადება სრულად აკმაყოფილებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნებს
შსს-ს მიერ 26 დეკემბერს გავრცელებული განცხადება იყო დეპერსონალიზებული ფორმით, სახელისა და გვარის ინიციალების გამოყენებით, შესაბამისად, სრულად აკმაყოფილებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი სახოკიამ განაცხადა.
„რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ დაწყებულ წარმოებას, გვაქვს მათთან კომუნიკაცია და გამოვთქვამთ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა სახოკიამ.
საქმე ეხება სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სოფელ ქისტაურში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ.
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი სწავლობს, დაარღვია თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონი.