შშმ პირებმა, აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს
შშმ პირებმა, აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, აქტივისტებმა და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.

როგორც ისინი აცხადებენ, 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად, შშმ პირთა სოციალური პაკეტის უცვლელად დატოვება მათი დისკრიმინაციაა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ:

საქართველოს მთავრობამ ასაკობრივ პენსიასთან ერთად, გაზარდოს სოციალური პაკეტი შშმ პირებისთვის, არაუგვიანეს 2021 წლის გაზაფხულისა;

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს კრიტერიუმები რითიც დადგინდება სოციალური პაკეტის ოდენობა, რათა დაკმაყოფილდეს შშმ პირთა საჭიროებები ღირსეული ცხოვრებისათვის;

სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირთა დისკრიმინაციის ფაქტების თავიდან არიდების მიზნით, ამუშავდეს გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი კანონით გათვალისწინებულ პროტესტის სხვა ფორმებს აანონსებს.

კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და უკიდურესად დამძიმებული სოციალური ვითარების ფონზე, საქართველოს სახელმწიფოს მხედველობის მიღმა დარჩა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები.

ხელისუფლებამ 2021 წლის იანვრის თვიდან, ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად, უცვლელი დატოვა შშმ პირთა სოციალური პაკეტი, რაც ცალსახად წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ჩაგვრას და პირდაპირ დისკრიმინაციას. არსებულ ვითარებაში პაკეტის უცვლელად შენარჩუნება შშმ პირთა სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებას ნიშნავს.

სახელმწიფოს მხრიდან, აღნიშნული ქმედებით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, შშმ პირთა უფლებათა დაცვის კანონი და გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებები“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.