კახაბერ საბანაძე - სახელმწიფო ინსტიტუტებმა მაქსიმალური გააკეთეს, რომ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილ დროულად გაეთავისუფლებინათ
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს წამების კვალი არ აღენიშნებათ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, შსს-მა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად, მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდების დროულად გათავისუფლება მომხდარიყო.
„გათავისუფლებული არიან ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, საქართველოს მოქალაქეები და ისინი უკვე არიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შსს-მა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ახალგაზრდების დროულად გათავისუფლება.
როგორც მოგეხსენებათ, ისინი 22 თებერვალს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკავეს და დღეს უკვე მოხდა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა“, – განაცხადა საბანაძემ.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ დაზუსტდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თარიღი და ხომ არ არის ცნობილი, რა ვითარებაში გარდაიცვალა, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ცნობილი არ არის.
„საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პროცესებს“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მაქსიმალური კეთდება, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გონივრულ ვადებში გადმოსვენება.