შს მინისტრის მოადგილე - „დინამო არენასთან“ ხანძრის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული
ამ ეტაპზე გვაქვს ინფორმაცია, რომ „დინამო არენასთან“ ხანძრის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი, ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დაღუპულები და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
მანამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარის შედეგად, სამი ადამიანი იყო დაღუპული, ერთი კი დაშავებული.
„დინამო არენასთან“ საცხოვრებელი კორპუსიდან ამ დრომდე ევაკუირებულია მოსახლეობა.
გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.