შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეები კახა კალაძის სახლთან მივიდნენ
შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისის მერის, კახა კალაძის სახლთან მივიდნენ.
„ჩამოდი, ჩამოდი“, – ამ შეძახილებით მივიდნენ აქციის მონაწილეები თბილისის მერის სახლთან რამიშვილის ქუჩაზე.
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც გუშინ ორი მუშა დაიღუპა. ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით დემონსტრანტები თბილისის მერის სახლისკენ გაემართნენ.
თბილისის მერიამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზად არის, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს. თბილისის მერის აღნიშნულ შეთავაზებაზე აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს და ჯერ მისი აქციაზე მისვლა მოითხოვეს, ხოლო შემდეგ თავად დაიძრნენ კალაძის სახლისკენ.