ჭავჭავაძის გამზირზე აქციისას დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო
ჭავჭავაძის გამზირზე აქციისას დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ხუთი ბრალდებულების გამოუცხადებლობა გახდა, რომლებმაც სასამართლოზე შუამდგომლობა წარმოადგინეს.

სხდომაზე ასევე ბრალდების მხარემ ნივთმტკიცებულებების დაშვების შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის CD დისკის დაშვება, სადაც მათი თქმით, სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტებია ასახული. ასევე ბრალდებამ ფაქტის შემსწრე რამდენიმე პოლიციელის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვა. მოსამართლემ ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მომდევნო სხდომა პირველ მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ექვსივე პირი აქციაზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძველზე დააკავეს. დაკავებულთა შორის კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრი დავით სუბელიანი იყვნენ.