„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ბიზნესომბდუსმენის ოთხი შენიშვნიდან ორი პარლამენტმა სრულად გაითვალისწინა
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ბიზნესომბდუსმენის ოთხი შენიშვნიდან ორი პარლამენტმა სრულად გაითვალისწინა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტს რეკომენდაციით მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მიმართა.

როგორც ბიზნესომბუდსმენის პრესსამსახურიდან პირველ არხს აცნობეს, რეკომენდაცია ოთხ კრიტიკულ საკითხს მოიცავდა, რომელთაგანაც ორი უკვე გათვალისწინებულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ.

მათივე ცნობით, შედეგად, შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციის) არ ექნება შრომითი უფლებების დაცვის კონტროლის უფლებამოსილება და მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციის) წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა არ იქნება სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება.

„მიუხედავად ამისა, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ისევ აქტიურად აგრძელებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას, მნიშვნელოვნად მიიჩნევს კერძო სექტორის მოთხოვნებს და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ახალი რეკომენდაციით მიმართვას. ჩვენი აზრით, დაგეგმილ ცვლილებებში კვლავ რჩება ორი კრიტიკული საკითხი:

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება ეკონომიკის ყველა დარგზე და შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციას) უფლება შევიდეს ნებისმიერ სამუშაო ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ჯერადობით, წინასწარი შეტყობინებისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ვიზიარებთ დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორთა სულისკვეთებას და ვთვლით, რომ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისთვის შესაბამისი სისტემის შექმნა სწორედ სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული​ საკითხები, რომელიც ისევ რჩება შემოთავაზებული წინადადებებს შორის დამატებით გააზრებას საჭიროებს, ვინაიდან მათი პრაქტიკაში რეალიზებისთვის​ არც მაკონტროლებელი ორგანო (შრომის ინსპექცია) და არც ბიზნესი ამ ეტაპზე მზად არ არის“,- აღნიშნულია ბიზნესომბუდსმენის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.