შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - საქართველოში შემოსავალი საშუალოზე დაბალია
დასაქმების კუთხით, საქართველო განვითარებადი ქვეყნების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, სადაც შემოსავალი საშუალოზე დაბალია. ამის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ახალ მონაცემებშია საუბარი.
განვითარებადი ქვეყნების კატეგორიაში ასევე არიან: სომხეთი, უკრაინა და მოლდოვა. ამავე ჯგუფშია სირია, იემენი, პაკისტანი, უზბეკეთი, ბოლივია; აფრიკის ქვეყნების ნაწილი: ანგოლა, ბუტანი, კონგო, კამერუნი, კოტ დ’ივუარი, ლესოტო, მავრიტანია და სხვა.
ILO-ს მონაცემებით, მსოფლიოში შრომისუნარიანთა 5.6% უმუშევარია. 2017 წლის მონაცემებით, 192 მილიონი ადამიანი დაუსაქმებელი იყო. უმუშევრობის პრობლემა ყველაზე მეტად ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში დგას. აქ უმუშევრობის დონე 11.7%-ის შეადგენს, რაც 8.7 მილიონი ადამიანის ექვივალენტია. ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ ევროპაში უმუშევრობის დონე ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალია და 8.5%-ის შეადგენს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის გაი რაიდერის განცხადებით, დადებითი დინამიკა განსაკუთრებით შეინიშნება ეკონომიკური კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ საბერძნეთსა და ესპანეთში.
აღსანიშნავია, რომ დასაქმება ცხოვრების ხარისხის მაღალ დონეს არ გულისხმობს. 1.4 მილიარდი დასაქმებული თავს გაჭირვებით ირჩენს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს რიცხვი კიდევ 35 მილიონი ადამიანით გაიზრდება.