შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი ლექვინაძე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება
შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დღეს ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება. სწორედ დღეს შემუშავდება ის ძირითადი შენიშვნები, რომლებზეც ბიზნესომბუდსმენი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად მომდევნო კვირაში საჯარო განხილვების დროს გააკეთებს აქცენტს.
ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები არის დამაზიანებელი როგორც ეკონომიკისთვის, ასევე ბიზნესისთვის.
შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები სამუშაო საათების შემცირებას, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზღუდვას, ასევე შეთავსებით მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, სტაჟირებისთვის განკუთვნილი ვადა მცირდება და ასევე, კომპანიას თუ უწყებას სტაჟირებაზე მყოფი ადამიანებისათვის მინიმალური ხელფასის გადახდა ევალება.
„შეხვედრაზე ორი მთავარი საკითხი გვექნება განსახილველი. პირველი შეეხება შრომის კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც გაცხადებულია და რომელზეც ბიზნესთან ერთად მომზადებული გვაქვს დაახლოებით 10-პუნქტიანი შენიშვნები. ასევე, მომდევნო კვირაში იწყება განხილვები და ჩვენ სწორედ დღეს, ბიზნესთან ერთად შევთანხმდებით, თუ რა იქნება ის მთავარი საკითხები, რომლებზეც გავაკეთებთ აქცენტებს. მეორე საკითხი, რომელსაც ჩვენ ასევე ამ შეხვედრაზე განვიხილავთ, ეხება შრომის უსაფრთხოების ერთ-ერთ რეგლამენტს, რომელიც გულისხმობს კომპიუტერთან მუშაობის წესების განსაზღვრას. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან გავაგზავნეთ შენიშვნები და რიგი რეკომენდაციები ასახულია აღნიშნულ რეგლამენტში. თუმცა, რჩება რამდენიმე სადისკუსიო საკითხი და დღეს ვაპირებთ ბიზნესასოციაციებთან ერთად ამ რამდენიმე საკითხზე ასევე შევთანხმდეთ. რაც შეეხება შრომის კოდექსში გაჟღერებულ, ინიცირებულ ცვლილებებს, პოზიცია ამასთან დაკავშირებით გაცხადებული გვაქვს და ვთვლით, რომ ეს არის ბიზნესისთვის დამაზიანებელი, რადგანაც არის რიგი საკითხები, რომლებიც ეხება სამუშაო საათების შეზღუდვას, რაც ვფიქრობთ, არარაციონალურია; ეხება ზეგანაკვეთური სამუშაო საათების რეგლამენტირებას და ესეც ვთვლით, რომ არის იმ ურთიერთობებში შეჭრა, რომელიც ზოგადად დასარეგულირებელია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ზოგადად მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ცვლილებები გააჩენს მოტივაციას, რომ ზოგადად შრომითმა ურთიერთობებმა გადაინაცვლოს არალეგალურ სექტორში. მთლიანობაში ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია რეგულირების შეფასების გაკეთება აღნიშნულ ცვლილებებზე, რათა ზუსტად დავინახოთ ის რისკები, რომლებიც ამ კანონის მიღებას ახლავს ბიზნესისთვის“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში დაგეგმილ შეხვედრაზე მიწვეულია საქართველოში მოქმედი ყველა ბიზნესასოციაცია. საუბარია 20-მდე ბიზნესასოციაციაზე.