შრომის ინსპექციის ინფორმაციით, სამსახურის საქმიანობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, სამსახურის საქმიანობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს, ბეატე ანდრეეს შეხვდა.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო.

„საუბარი შეეხო შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. მხარეებმა განიხილეს ის მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებიც, რაც დასაქმებულთა უფლებებისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს. ასევე დადებითად შეფასდა ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და აღსრულების მექანიზმები. განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა რეგიონულ ჭრილში მოწინავე ადგილს იკავებს“, – ნათქვამია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

შეხვედრას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონსულტანტი ეკატერინე ქარჩხაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნათია ბუბუტეიშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია მჭედლიშვილი და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი შორენა ყუბანეიშვილი ესწრებოდნენ.