შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით საკმარისი რაოდენობის ჯგუფებია მობილიზებული, რათა რეგულაციები ყველგან იყოს დაცული
შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით საკმარისი რაოდენობის ჯგუფებია მობილიზებული, რათა რეგულაციები ყველგან იყოს დაცული

მასწავლებელთა სულ მცირე 20 პროცენტის გატესტვის ვალდებულება სკოლებმა შეასრულეს, მზად არიან, ორშაბათიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ და უსაფრთხოდ განაგრძონ სასწავლო პროცესი, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები, რომლითაც სკოლამ უნდა იხელმძღვანელოს.

„საქართველოს მასშტაბით, ხვალიდან მოსწავლეები სასწავლო პროცესის დაწყებას  საკლასო ოთახებში შეძლებენ. არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სკოლამ, რაც გულისხმობს მეხუთე კლასიდან მოსწავლეების პირბადის გამოყენების წესს, ასევე მასწავლებლების გატესტვას. საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა არის დარეგისტრირებული ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, გაიტესტა უკვე ყველა პედაგოგი და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ლაბორატორიების მონაცემების შეყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე 20 პროცენტის გატესტვის ვალდებულება სკოლებმა შეასრულეს, მზად არიან, ორშაბათიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ და უსაფრთხოდ განაგრძონ სასწავლო პროცესი“, – აღნიშნა მაია მიქაიამ.

რაც შეეხება ღია სივრცეებში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მიქაიას განმარტებით, აღნიშნულმა ობიექტებმა საქმიანობა უნდა განახორციელონ რეკომენდაციების დაცვით, რაც გულისხმობს თერმოსკრინინგის ჩატარებას, მაგიდებს შორის დისტანციას, ასევე სადეზინფექციო სამუშაოებს.

„შესაბამისად, ამ რეგულაციების დაცვით უნდა გაგრძელდეს მუშაობა. რაც შეეხება სანქციებს, ფიზიკური პირის შემთხვევაში იქნება 2 000 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში – 10 ათასი ლარი. შრომის ინსპექცია ზედამხედველობას ახორციელებს სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით არის საკმარისი რაოდენობის ჯგუფები მობილიზებული, რათა ყველა ქალაქში განხორციელდეს იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც განსაზღვრულია როგორც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ასევე მთავრობის დადგენილებით“, – განაცხადა მაია მიქაიამ.