შრომის ინსპექციამ წელს დისკრიმინაციული მოპყრობის 15 ფაქტი გამოავლინა
შრომის ინსპექციის სამსახურმა მიმდინარე წელს წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობის დროს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები დაადგინა, რომლებიც ეხებოდა როგორც დაინტერესებული პირის მომართვის, ასევე ინსპექციის ინიციატივის საფუძველზე ვაკანსიის შესახებ განცხადებებით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე სამუშაო ადგილზე შევიწროების ფაქტების მოკვლევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.
„დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს, რაიმე ნიშნის (რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა) მიხედვით, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.
შრომის ინსპექციის მიერ სწორედ ამ ამკრძალავი პრინციპის შემოწმების მიზნით, განხორციელდა საჯარო წესით გამოქვეყნებული 100 ერთეული ვაკანსიის შესახებ განცხადებების მოთხოვნების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება (როგორც მომართული საჩივრის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე), რომლის ფარგლებშიც დადგინდა რომ დამსაქმებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესის, გარეგნობისა და ა.შ. ნიშნით დისკრიმინაციას დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით. მაგალითად ასეთ დარღვევებს წარმოადგენდა: გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე განიხილება „სასიამოვნო გარეგნობის მდედრობითი სქესის“ წარმომადგენლის კანდიდატურა; სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე – მდედრობითი სქესის წარმომადგენლის კანდიდატურა 18-50 წლის ჩათვლით; ვაკანსია არ ეხებოდა ჭარბწონიან აპლიკანტებს, რადგან მათ მიერ ვერ მოხდებოდა მომხმარებლებისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება; გაყიდვების კონსულტანტი გოგონა 18-დან 30 წლამდე და ა.შ.
წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა დაეფუძნა შემდეგ გარემოებების შემოწმებას: პირს, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთაგან განსხვავებულად ეპყრობიან; განსხვავებული მოპყრობა პირს ზღუდავს ან ხელს უშლის შრომითი უფლებებით სარგებლობისას; არ არსებობს განსხვავებული მოპყრობის კანონით განსაზღვრული, ლეგიტიმური მიზანი; განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, რაც შეეხება სამუშაო ადგილზე დასაქმებულის შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხს, შრომის ინსპექციის მიერ დადგენილ იქნა დამსაქმებლის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავდა ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას.
„სწორედ აღნიშნული გარემოებების შესწავლის შედეგად 15-მდე ორგანიზაციას მიეცა გაფრთხილება.
შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციასთან ბრძოლის უპირველესი მიზანია საზოგადოების ყველა წევრს შეექმნას მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები. ამრიგად, შრომის ინსპექცია მოუწოდებს დამსაქმებლებს არ დაუშვან დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, რაც თანაბრად ვრცელდება შრომითი ურთიერთობების ყველა, მათ შორის, ვაკანსიის გამოცხადებისა და კანდიდატის აყვანის ეტაპებზე, რათა უკანონოდ არ შეეზღუდოთ სამუშაოზე წვდომა, ასევე განვითარება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს.
დამსაქმებლის მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დაცვა ხელს უწყობს თანასწორი გარემოს შექმნას, რაც დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანაბარ ინტერესს წარმოადგენს“, – აცხადებენ შრომის ინსპექციის სამსახურში.