შრომის ინსპექციამ გასულ წელს 160 კომპანიის 279 ობიექტზე 2 719 დარღვევა დააფიქსირა
შრომის ინსპექციამ გასულ წელს 160 კომპანიის 279 ობიექტზე 2 719 დარღვევა დააფიქსირა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2015 წლიდან დღემდე 334 კომპანიის 580-ზე მეტი ობიექტი შეამოწმა. როგორც პირველ არხს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში განუცხადეს, კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დარღვევები აღმოჩნდა.

„2015 წლიდან დღემდე შემოწმდა 580-მდე ობიექტი. აქედან რემონიტორინგი განხორციელდა 157 ობიექტზე. აქედან რეკომენდაციები 49%-მა არ გაითვალისწინა, 37%-მა კი გაითვალისწინა. 13%-ის შემთხვევაში, რემონიტორინგის დროს სამუშაოები სხვადასხვა მიზეზით დასრულებული იყო“, – განუცხადა პირველ არხს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბექა ფერაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს შემოწმდა 160 კომპანიის 279 ობიექტი, დარღვევებთან დაკავშირებით, გაიცა 2719 რეკომენდაცია. 2016 წელს შემოწმდა 96 კომპანიის 189 ობიექტი, სადაც გამოვლინდა 1314 დარღვევა. 2015 წელს შემოწმდა 78 კომპანიის 118 ობიექტი, სადაც გამოვლინდა 589 დარღვევა.

ინსპექტირება ჩატარდა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში​. ყველაზე ხშირად გამოიკვეთა შემდეგი სახის დარღვევები – შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ინსტრუქტაჟის არარსებობა; საწარმოო ტრავმებისა და უბედური შემთხვევების აღურიცხაობა, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობა; მოუწესრიგებელი ელექტრო უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოების მოუწესრიგებლობა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობა სიმაღლეზე მუშაობისას ღვედების არ გამოყენება, მანქანა დანადგარების სამუშაო ზონაში მაფრთხილებელი ნიშნების არარსებობა, ​არაქარხნული წესით დამზადებული სხვადასხვა ინსტრუმენტების და ხარაჩოების გამოყენება, სამუშაო სივრცის, შახტების და ვარდნის ადგილების დაუცველობა; ამწე მოწყობილობების გაუმართაობა, მაფრთხილებელი ნიშნების არარსებობა
სამუშაო ადგილის/სივრცის მოუწესრიგებელი ერგონომიკა და სხვა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი გამოვლენილ დარღვევებზე გასცემს მხოლოდ წერილობით რეკომენდაციებს. მიმდინარე ეტაპზე დეპარტამენტი არ იყენებს სანქცირების მექანიზმს. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულია, განისაზღვროს სანქცირების მექანიზმი.