შრომის ინსპექციამ აუზისა და საუნის მომსახურების მქონე ოთხ ობიექტსა და ორ ფიტნეს-დარბაზს მუშაობის განახლების უფლება მისცა
9 ივლისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადი წარადგინეს 21 ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოების წარმომადგენლებმა.
რაც შეეხება ფიტნესდარბაზებს, დარეგისტრირებულია 64 ობიექტი.
განაცხადის წარმდგენ ობიექტებს შორის შემოწმდა 8, მათგან საუნის, აუზისა და აბანოს გახსნის უფლება მიეცა შპს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს, შპს ფართი 2019-ს, შპს ჯინო პარკს და ჭრელ აბანოს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შრომის ინსპექციიდან მიაწოდეს ინფორმაცია, ფიტნესდარბაზებს შორის სტანდარტები დააკმაყოფილეს და, შესაბამისად, საქმიანობის განახლების ნებართვა მიიღეს შპს ბალნეოლოგიურმა კურორტმა და არენამ.
დღეს დაგეგმილია კიდევ 18 ობიექტის შემოწმება.
თითქმის ოთხთვიანი პარალიზების შემდეგ, დახურულ აუზებსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს მუშაობის უფლება 8 ივლისიდან მიეცათ.
სამუშაო ნებართვის მოსაპოვებლად ობიექტებმა შემოწმება უნდა გაიარონ და წინასწარ შემუშავებული სტანდარტები დააკმაყოფილონ.