შრომის ინსპექცია ბიზნესობიექტებში კორონავირუსის პრევენციის რეკომენდაციების დარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას ავრცელებს
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ ბიზნესსუბიექტს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
შრომის ინსპექცია სხვადასხვა ბიზნესობიექტის ინსპექტირების შესახებ ინფორმაციას და ობიექტებში გადაღებულ ფოტიებს ავრცელებს.
„ეკონომიკის გახსნის პარალელურად, სხვადასხვა ბიზნესის ეტაპობრივი ამუშავებისთვის, სექტორთან ინტენსიური კომუნიკაციით, ეპიდემიოლოგების აქტიური ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე ბიზნესის გახსნისა და მდგრადი ოპერირებისთვის.
საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, სხვა მაკონტროლებელი უწყებების ჩართულობით, განახორციელა სხვადასხვა ობიექტის ინსპექტირება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.
იმ ობიექტების მიმართ, სადაც გამოვლენდა ისეთი შეუსაბამობები, რომლებიც იყო განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ახალი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ.
ობიექტების უმეტესობამ სრულად გაიზიარა გამოვლენილი დარღვევების სერიოზულობა და დაიწყო ხარვეზების აღმოფხვრა, თუმცა გამოიკვეთა რიგი ობიექტები, რომლებმაც ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინათ დარღვევების აღმოფხვრა, მიზანმიმართულად გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაჯარიმდნენ და მათ ობიექტზე დარღვევას სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.
იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ობიექტის გულგრილი დამოკიდებულება ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესში განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, იძულებული ვართ საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ობიექტებზე ინსპექტირების დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ.
აღნიშნული ობიექტების გადამოწმების ფარგლებში გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, კერძოდ:
ობიექტზე არ კონტროლდებოდა შესაბამისი დისტანცის დაცვა;
მომხმარებლები არ იყვნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი რაოდენობის სადეზინფექციო საშუალებებით;
- ობიექტი სარგებლობდა ბარის მომსახურებით, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მომხმარებლის თავშეყრას ჰქონდა ადგილი;
- ტერიტორიაზე განთავსებული არ იყო ჰიგიენური ნარჩენებისთვის გამოყოფილი თავდახურული კონტეინერები;
- ობიექტების ხელმძღვანელობამ ვერ წარადგინა დეზინფექციის ჩატარების პროცედურები;
- დასაქმებულები სრულად არ იყვნენ აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
- არ დადასტურდა დასაქმებულ პირთათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება;
- სველ წერტილებში და საერთო მოხმარების სივრცეებში არ ტარდებოდა პერიოდული სადეზინფექციო სამუშაოები;
- ობიექტებმა ვერ წარადგინეს დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პირთა შესაბამისი ეკიპირება და ა.შ.
ყოველივე ზემოაღნიშნული დარღვევა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადასტურებულია შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ ბიზნესსუბიექტს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რათა შევძლოთ ბიზნესის გახსნის პროცესის მდგრადად და თანმიმდევრულად გაგრძელება“, – ნათქვამია შრომის ინსპექიციის ინფორმაციაში.