შოთა ხაბარელი - სპორტს ცალკე კურატორი, მინისტრის მოადგილე უნდა ჰყავდეს
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი ინიციატივით გამოდის, სპორტის მიმართულებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ უხელმძღვანელოს.
როგორც ჟურნალისტებს ხაბარელმა „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა, სპორტი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელშიც ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს.
„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სპორტს ცალკე კურატორი – მინისტრის მოადგილე უნდა ჰყავდეს, რომელიც სპორტთან პირდაპირ იქნება დაკავშირებული. ერთადერთი გამოსავალი ეს არის. სპორტისა და კულტურის ან განათლებისა და სპორტის სფეროების მოადგილე გაერთიანებული არ უნდა იყოს. სპორტს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. პრემიერმა დააანონსა, რომ განათლება, კულტურა და სპორტი პრიორიტეტული უნდა იყოს“, – განაცხადა ხაბარელმა.
მისი თქმით, სპორტის სფერო ცალკე ბევრად კომფორტული იქნებოდა, თუმცა გაერთიანებაც თავსებადია.
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და კულტურის სამინისტრო შეუერთდა. გაერთიანებული უწყების სახელწოდებაა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება. პოლიტსაბჭოს შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც იგეგმება. მთავრობის ახალ შემადგენლობას კი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ დაასახელებს.