შოთა ხაბარელი - არავითარი შანტაჟი და „ძველი ბიჭები“ არ ყოფილან არჩევნებზე, ეს არის რიტორიკა, რომელსაც ახორციელებს „ნაციონალური მოძრაობა“
შოთა ხაბარელი - არავითარი შანტაჟი და „ძველი ბიჭები“ არ ყოფილან არჩევნებზე, ეს არის რიტორიკა, რომელსაც ახორციელებს „ნაციონალური მოძრაობა“

კიდევ ერთხელ დაამტკიცა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მოწოდებულია, ქვეყანაში ადამიანის ნებაზე დაფუძნებული არჩევნები ტარდებოდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებს განუცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ხაბარელის შეფასებით, მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების გუშინ ჩატარებული მეორე ტური ამის კიდევ ერთი მაგალითი იყო.

„პირველ რიგში, მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ასეთი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთხელ დაამტკიცა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ის არის მოწოდებული, ქვეყანაში ადამიანის ნებაზე დაფუძნებული არჩევნები ტარდებოდეს, – განაცხადა ხაბარელმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს არჩევნებზე დაშინებისა და შანტაჟის შესახებ, დეპუტატის შეფასებით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკაა.

„ეს არის რიტორიკა, რომელსაც ახორციელებს „ნაციონალური მოძრაობა“. არავითარი შანტაჟი, არავითარი „ძველი ბიჭები“ აქ არ იყვნენ. რაც შეეხება დეპუტატებს, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ყველა დეპუტატს აქვს უფლება, უბანზე მივიდეს და დაიცვას ადამიანის უფლებები. ეს არ არის კანონდარღვევა“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

მისი შეფასებით, ამომრჩეველს უპრობლემოდ შეუძლია საკუთარი ნების გამოხატვა.

„დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას უყურებს ძალიან კარგად, საღად, როდესაც მიდის ნორმალური არჩევნები. დეპუტატების ჩართულობა არის პოლიტიკური პროცესი და არავინ ზღუდავს არც ერთ დეპუტატს, რომ ეს პროცესი განახორციელოს“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 61.83 (10 738 ხმა) პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ 38.17 (6630 ხმა) პროცენტი.