შოთა ცანავა - ჩანს ვაქცინის კონტურები, რომელიც იხსნის კაცობრიობას ამ საშინელებისგან
კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში რომ შეიქმნას, ცოტა საეჭვოდ მეჩვენება, მაგრამ ღმერთი მაღალია და ვნახოთ, იქნება და მოხერხდეს, – ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. როგორც ეპიდემიოლოგი ამბობს, ვაქცინის კონტურები, რომელიც კაცობრიობას ახალი ვირუსისგან იხსნის, უკვე ჩანს.
„მოვიშველიოთ ისტორია, წარსული – როდესაც იყო გრიპი H1N1, ე.წ.ღორის გრიპი, ფრინველის გრიპი, ებოლას შემთხვევები, როდის დაიწყო ვაქცინაზე მუშაობა. მიღებულია ჩვენს წრეებში, რომ ვაქცინა, საუკეთესო შემთხვევაში, საუკეთესო ეკონომიკური და სამედიცინო პოტენციალის მქონე ქვეყანაში, ექვს თვეზე ადრე ვერ შეიქმნება. მე ვამბობ საუკეთესო პირობებს. ექვსი თვიდან ერთ წლამდე საუკეთესო პირობებში იქმნება ვაქცინა გრიპის ახალი შტამების მიმართ. კორონავირუსის მიმართ რომ შეიქმნას ასე სწრაფად, ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში ვაქცინა, ესეც ცოტა საეჭვოდ მეჩვენება, მაგრამ მაღალია ღმერთი და ვნახოთ, იქნებ მოხერხდეს. არ მინდა, პესიმისტი ვიყო, მაგრამ ჩემი ოპტიმიზმი უნდა ემყარებოდეს ცოდნას, ამ შემთხვევაში ცოდნა ძალზედ ცოტა გვაქვს კორონავირუსთან მიმართებაში. ვაქცინა, რომელიც შეიქმნება, რომელიც კაცობრიობას იხსნის ამ საშინელებისგან, ეს ვაქცინა ჩანს, მასზე ლაპარაკია, მისი კონტურები ჩანს“,- აცხადებს შოთა ცანავა.
ამასთან, ცანავას ინფორმაციით, ქართველი გიორგი ბაბუაძე კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაზე კანადაში მუშაობს და აქვს ოპტიმიზმი, რომ სამუშაოები წარმატებით დასრულდება.
„ჩვენი ქართველი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი გიორგი ბაბუაძე ახლა კანადაში მუშაობს ამ თემაზე. სხვათა შორის, მას აქვს ძალზედ დიდი ოპტიმიზმი, რომ მისი მონაწილეობით მიმდინარე სამუშაოები დამთავრდება, დაგვირგვინდება წარმატებით. მე მხედველობაში მაქვს კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა. მოდით, დაველოდოთ ჩვენს ქართველს, ჩვენს გიორგის და იქნებ, ჩემი პროგნოზები გააცამტვეროს და ოთხ თვეში იყოს ეს ვაქცინა, ვნახოთ“,- განაცხადა ცანავამ.