შოთა არველაძე - ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, განსაკუთრებით ქალების მიმართ, ნიკოლოზ ბასილაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ, მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო
ნიკოლოზ ბასილაშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ, მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო, – ამის შესახებ ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი ბუნებით, ხასიათითა და პრინციპებით, ყოველთვის ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.
ამასთან, დღეს განცხადება გაავრცელა ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.
მიმართვა გაავრცელა თავად ჩოგბურთელმა, სადაც აცხადებს, რომ სიმართლეს სასამართლოში, იურისტების დახმარებით, აუცილებლად დაამტკიცებს.