შოთა არველაძე - ხალხს არ სჯეროდა, რომ ევროპაში წასვლა და იქ დამკვიდრება შეიძლებოდა, ეს სხვა პლანეტა იყო
საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ გიორგი კეკელიძის რუბრიკის სტუმარი შოთა არველაძე იყო, რომელმაც ავტობიოგრაფიული წიგნის („გუშინ“) განახლებული ვერსია გამოსცა.
„წერა დაახლოებით, 15 წლის წინ დავიწყე. მერე პაუზები მქონდა. წიგნს რომ წერ, ფორმაში შედიხარ. წიგნს იმიტომაც ჰქვია „გუშინ“, რომ შორეულ წარსულზე კი არაა, ახლო წარსულზეა. ფეხბურთი ჩვენი ოცნება იყო, რაღაცებზე ვოცნებობდით – ახლოს იყო თბილისის „დინამო“, დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე და მათი ეპოქა. მაგრამ ამავე დროს, იმდენად შორს იყო, წიგნშიც მიწერია – ჭავჭავაძეზე რომ გავივლიდი, მამაჩემს ვეკითხებოდი, ხომ შეიძლებოდა აივანზე იდგეს-მეთქი. სტადიონიდან ხომ მათთან მოხვედრა იმდენად შორი და საოცნებო იყო. მერე იყო ევროპაში წასვლა და იქ დამკვიდრება, რაც საერთოდ, სხვა პლანეტა გახლდათ. არ სჯეროდა ხალხს – ჟურნალისტებსაც კი. „აიაქსში“ რომ გადავედი, თბილისში მკითხეს კიდეც, მეორე გუნდში ხომ არ მიდიხარო. ანუ ეს ყველაფერი ოცნებასთან იყო დაკავშირებული და ამან ბევრი რაღაც აგვაცილა, იმდენად მოტივირებულები ვიყავით. მე და აჩი 19 წლის ასაკიდან, ფაქტობრივად, საქართველოში აღარ ვცხოვრობდით“, – ამბობს შოთა არველაძე.
წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, პიროვნებად ჩამოყალიბებაში რომელმა მწვრთნელმა იქონია გავლენა? შოთა არველაძემ ამაზეც ილაპარაკა.
„ჩვენებს უფრო პრიორიტეტად ადამიანური ურთიერთობები ჰქონდათ წამოწეული. ევროპელი მწვრთნელები, განსაკუთრებით, ვან გაალი, კუმანი და ადვოკაატი ყველაფრის შერწყმას ცდილობენ, პრიორიტეტებს არ გამოყოფენ, რადგან თვლიან, ეს ორივე განუყოფელი ნაწილია… წიგნების კითხვას არავინ გვირჩევდა, მაგრამ იოჰან კრუიფს გარდაცვალებამდე 8 თვით ადრე შეხვდი. მას ყველაფერი ინტელექტზე ჰქონდა აწყობილი. როგორ შეიძლება, მესიმ ორი სიტყვა ინგლისური არ იცოდესო“, – გაიხსენა არველაძემ.
არველაძე იხსენებს, რომ ბედობაზე ჩაფიქრებული ბევრი რამ აუხდა:
„გოლების გატანას ვიბედებდი და ამან ბევრჯერ გაამართლა. ახლა ვიბედებ, რომ იმ ხალხთან ერთად ვიყო, ვისთან ერთად ყოფნაც მიხარია. ყველაზე ხშირად მგზავრობა მებედებოდა. ამასაც ვაკავშირებდი – სამსახური მუდამ მექნება, სულ თვითმფრინავში ვიქნები, აბა, ისე სად უნდა ვიარო. ამას ყოველთვის 2 იანვარს ჩავიფიქრებდი ხოლმე“.
მან უცხოეთში არსებულ ბარიერებზეც ილაპარაკა:
„ყველაფერი რთული იყო – ენა, რელიგიური ბარიერი, კვება, სხვა სახლი და ატმოსფერო, მაგრამ ტყუპები ერთად ვიყავით და ორს ერთად უფრო გვიადვილდებოდა. ზოგჯერ ვერ ვძლებდი და აჩის ვეუბნებოდი, ადექი და წავიდეთ მეთქი. საქართველომდე ხომ ორი საათის სავალში ვიყავი. სხვათა შორის, „ლა კორუნია დეპორტივოში“ იმიტომ არ წავედი, რომ აჩის გარეშე წასვლა არ მსურდა. აჩი დამტვრეული იყო და ასე ვერ ავიყვანთო“.