შორეულ წარსულში, მზის სისტემის სიახლოვეს ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახება მოხდა - ახალი კვლევა
შორეულ წარსულში, მზის სისტემის სიახლოვეს ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახება მოხდა - ახალი კვლევა

4,6 მილიარდი წლის წინ მოხდა ნეიტრონულ ვარსკვლავთა სასტიკი შეჯახება, რომლის დროს გამოყოფილი მატერიის გარკვეული ნაწილი დედამიწაზეც მოხვდა. ამ დასკვნამდე მივიდნენ ახალი კვლევის ფარგლებში კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ზაბოლც მარკა და ფლორიდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი იმრე ბარტოსი.

კვლევის მიხედვით, მზის სისტემის სიახლოვეს მომხდარი ამ კოსმოსური მოვლენის შედეგად დედამიწაზე მოვიდა ჩვენი პლანეტის მძიმე ელემენტების 0,3 პროცენტი, მათ შორის ოქრო, პლატინა და ურანი.

ბარტოსის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ელემენტთა მცირე ნაწილი ყოველ ჩვენგანშიც არის, ძირითადად იოდის ფორმით, რომელიც გადამწყვეტია სიცოცხლისთვის.

„საქორწინო ბეჭედი, რომელიც ორი ადამიანის ღრმა ურთიერთკავშირს გამოხატავს, ასევე გვაკავშირებს ჩვენს კოსმოსურ წარსულთან, რომელიც წინ უსწრებს არა მხოლოდ ადამიანთა გაჩენას, არამედ თავად დედამიწის წარმოქმნასაც. ამ ბეჭდის შემადგენელი დაახლოებით 10 მილიგრამი 4,6 მილიარდი წლის წინ არის წარმოქმნილი“, — ამბობს ბარტოსი.

მისივე თქმით, ადრეულ მზის სისტემაში გამოჭედილი მეტეორიტები რადიოაქტიურ იზოტოპთა კვალს ატარებენ. ამ იზოტოპთა დაშლა კი ერთგვარი საათივითაა, რომელიც იმ დროის ხელახლა აღსადგენად გამოიყენება, რომელშიც ისინი შეიქმნა.

ასეთ დასკვნამდე ბარტოსი და მარკა მას შემდეგ მივიდნენ, რაც ირმის ნახტომის მრავალ სიმულაციაში ერთმანეთს შეადარეს მეტეორიტთა შემადგენლობა. როგორც მათ დაადგინეს, დედამიწის შექმნამდე დაახლოებით 100 მილიონი წლით ადრე, ერთმანეთს უნდა შეჯახებოდა ორი ნეიტრონული ვარსკვლავი. შეჯახება უნდა მომხდარიყო ჩვენს სამეზობლოში, იმ გაზის ღრუბლიდან დაახლოებით 1000 სინათლის წლის მანძილზე, რომლისგანაც მზის სისტემა დაიბადა.

ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 100 000 სინათლის წელია, ანუ ჩვენიდან ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების ადგილამდე არსებულზე 100-ჯერ უფრი მეტი. მარკას განცხადებით, თუკი მზის სისტემიდან ამ მანძილზე ასეთი მოვლენა დღესაც მოხდება, გამოყოფილი რადიაცია მთლიან ღამის ცას ააკაშკაშებს.

ასტროფიზიკოსებს სჯერათ, რომ მათ კვლევას სრულიად ახალი ცნობები შეაქვს ჩვენი ისტორიის უნიკალურ თანმიმდევრულობაში.

„ჩვენი კვლევა კაშკაშა სინათლეს ჰფენს მზის სისტემის წარმოშობასა და შემადგენლობაზე პასუხისმგებელ პროცესებს; გარდა ამისა, კოსმოსურ საიდუმლოთა ამოსახსნელად სტიმულს აძლევს ახალი ტიპის ძიებას ისეთ დისციპლინებში, როგორებიცაა ქიმია, ბიოლოგია და გეოლოგია“, — ამბობს ბარტოსი.

როგორც მარკა აღნიშნავს, მათ მიერ მიღებული შედეგები მიემართება კაცობრიობის ფუნდამენტურ ძიებას — საიდან მოვდივართ და სად მივდივართ? მისი თქმით, ძალიან ძნელია იმ უზარმაზარი ემოციის აღწერა, რომელიც მათ მაშინ იგრძნეს, როცა გააცნობიერეს მათ მიერ მიღებული შედგების მნიშვნელობა.

მომზადებულია columbia.edu-ს მიხედვით.

დატოვე კომენტარი