შორეულ წარსულში, დედამიწას შეიძლება რგოლები ჰქონდა — #1tvმეცნიერება
შორეულ წარსულში, დედამიწას შეიძლება რგოლები ჰქონდა — #1tvმეცნიერება

ერთ დროს, დედამიწას შეიძლება საკუთარი პლანეტური რგოლი ჰქონდა.

ჰიპოთეტურ რგოლს კოსმოსური თვალსაზრისით დიდხანს ვერ უნდა გაეძლო — სავარაუდოდ, დედამიწას ის მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი წლის განმავლობაში ერტყა გარშემო. თუმცა, ეს დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო დედამიწის გეოლოგიურ ჩანაწერებში კვალის დასატოვებლად. ამაზე მეტყველებს ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, ენდი ტომკინსის ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი ანალიზები.

ტომკინსმა და მისმა ჯგუფმა აღადგინა უჩვეულო ზრდა ჩამოცვენილი მეტეორიტების რაოდენობაში, რასაც ორდოვიციულ დარტყმებს უწოდებენ; შედეგად განსაზღვრეს, რომ ამ ანომალიის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო რგოლი დედამიწის ორბიტაზე, რომელიც ნელ-ნელა დაიშალა.

„მიყვარს იმაზე ფიქრი, რანაირი იქნებოდა დედამიწა გარშემო რგოლით. დღევანდლისგან სრულიად განსხვავებული ხედი იქნებოდა“, — ამბობს ტომკინსი.

ეს ამბავი საკმაოდ რთულად შესასწავლი,მაგრამ მნიშვნელოვანია და სამომავლო ანალიზები შეიძლება დაგვეხმაროს დედამიწის ისტორიის სხვა ასპექტების ახსნაშიც.

„მილიონობით წლის განმავლობაში, ამ რგოლის მატერია თანდათან დედამიწაზე ჩამოცვივდა და გაიზარდა მეტეორიტთა რაოდენობა, რაც გეოლოგიურ ჩანაწერებშიც ჩანს. ამ პერიოდის დანალექოვან ქანთა შრეებში ასევე ვხედავთ წარმოუდგენლად დიდი ოდენობით მეტეორიტთა ნარჩენებს“, — ამბობს ტომკინსი.

მიჩნეულია, რომ მზის სისტემაში რგოლები საკმაოდ ხშირია. ოთხ გიგანტურ პლანეტას რგოლები აქვს და არსებობს მტკიცებულება, რომ ერთ დროს, ის მარსსაც ჰქონდა. ამიტომაც ჩნდება კითხვა — ჰქონდა თუ არა წარსულის გარკვეულ მონაკვეთში რგოლი დედამიწასაც?

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი კვალი კოსმოსში ვიპოვოთ, თუკი საერთოდ არსებობდა. თუმცა, დაახლოებით ნახევარი მილიარდი წლის წინ, ორდოვიციულ პერიოდში, მეტეორიტთა ცვენა უცბად გახშირდა და ეს თითქმის 40 მილიონ წელიწადს გაგრძელდა. აღმოჩენილია იმ პერიოდის ძალიან ბევრი კრატერი, თანაც ერთმანეთთან ძლიერ ახლოს.

ტომკინსმა და მისმა ჯგუფმა იმ პერიოდის 21 კრატერი შეისწავლა და დაადგინა, რომ ყველა მათგანი 30-გრადუსიან განედზეა განლაგებული. ამის დადეგენა მარტივი არ ყოფილა, რადგან ორდოვიციულ პერიოდში, დედამიწის ყველა კონტინენტი შედიოდა ერთ დიდ სუპერკონტინენტში, რომელსაც გონდვანას უწოდებენ და რომელიც შემდეგ დაიშალა სხვადასხვა კონტინენტად.

კრატერების შეჯგუფება შეიძლება შემთხვევითი იყოს, მაგრამ საქმე ბევრად უცნაურადაა. როგორც ჩანს, მეტეორიტებით ბომბარდირება ხმელეთის მხოლოდ 30 პროცენტზე ხდებოდა და თანაც სულ ეკვატორულ რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მეტეორიტები გაცილებით ხშირი იყო, ეს კონკრეტული ცვენა პლანეტის მხოლოდ მცირე სექციით შემოიფარგლებოდა, თითქოს ქვები დედამიწას შუაზე შემოკრული ვიწრო სარტყლიდან აცვიოდა.

ტომკინსის და მისი კოლეგების განცხადებით, შეიძლება ზუსტად ასეც იყო.

როგორც მათმა ანალიზებმა აჩვენა, დაახლოებით 466 მილიონი წლის წინ, დედამიწას ასტეროიდი მოუახლოვდა. მას საკმარისი გრავიტაცია არ ჰქონდა, რათა მაშინვე ჩამოვარდნილიყო, მაგრამ საკმარისად ახლოს იყო, რათა მოქცევითი ძალებით დაშლილიყო და გადაეკვეთა საზღვარი, რომელსაც როშის ლიმიტს უწოდებენ.

ოდნავ ჩაჭერილი ასტეროიდისთვის როშის საზღვარი ზედაპირიდან დაახლოებით 15 800 კილომეტრია, ანუ უფრო დაბლა, ვიდრე ზოგიერთი თანამგზავრი და წარმოადგენს სიმაღლის დიაპაზონს, სადაც დაშლილი ასტეროიდის ნარჩენები დედამიწის გარშემო შედარებით სტაბილურ ორბიტაზე დაიწყებს მოძრაობას და დროთა განმავლობაში დაბლა ჩამოცვივა.

ეს ამბავი შესაბამისობაშია იმასთან, რასაც მზის სისტემაში ყველგან ვხედავთ. სატურნის რგოლები დროებითია და მისი ნაშალი პლანეტას საკმაოდ სწრაფი მაჩვენებლით აცვივა. 1994 წელს, იუპიტერს კომეტა შუმეიკერ-ლევი 9 დაეცა, მაგრამ იქამდე ის დაიშალა და წარმოქმნა ნაშალი მასალის ველი, რომელიც პლანეტას წლების მანძილზე უვლიდა გარშემო. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, დედამიწასაც დაეშალა ასტეროიდი და შემდეგ თანდათან „შეეჭამა“.

კრატერების შეჯგუფება მტკიცებულების ერთი ნაწილია. დანალექებში ასევე აკუმულირებულია იმ პერიოდის მეტეორიტთა ბევრი მასალა. ორივე მინიშნება შეიძლება ერთსა და იმავე ასტეროიდს დაუკავშირდეს.

შეიძლება იყოს სხვა მინიშნებაც. დაახლოებით 445 მილიონი წლის წინ, ორდოვიციული პერიოდის დასასრულისკენ, დედამიწა გამანადგურებელ გამყინვარების ხანაში შევიდა; ყველაზე ცივში ბოლო ნახევარი მილიარდი წლის განმავლობაში. ეს შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავა რგოლის ჩრდილმა, რომელიც დედამიწას ეცემოდა. ამ მომენტისთვის, ეს საკითხი ძლიერ სპეკულაციურია და სამომავლო კვლევას საჭიროებს.

„კვლევის შემდეგი ეტაპი საჭიროებს ციფრულ მოდელირებას. ამ გზას უკვე დავადექით, მაგრამ ველოდები, რომ ამას სხვა მეცნიერებიც გააკეთებენ“, — ამბობს ტომკინსი.

ამ მოდელმა ხელახლა უნდა შექმნას ასტეროიდის დაშლა და მისი ნარჩენებისგან რგოლის წარმოქმნა, შემდეგ კი ამ რგოლის ევოლუცია. ამით დავადგენთ რგოლის სტრუქტურას და ფორმას და იმასაც, ჰქონდა თუ არა მას დიდი ჩრდილი. შემდეგ საჭიროა ამ მონაცემების გადაცემა კლიმატურ მეცნიერთათვის, რათა დაადგინონ, რა ეფექტები შეიძლება ჰქონოდა ამას.

თუკი ეფექტი მართლაც ჰქონდა, ამის შედეგები მართლაც ძალიან საინტერესოა არა მხოლოდ პლანეტის, არამედ კლიმატში ჩარევის შესასწავლადაც.

„იმ დროს მოხდა დიდი ორდოვიციული ბიოდივერსიფიკაციის მოვლენა (სხვადასხვა ორგანიზმთა სწრაფი ევოლუცია) — კლიმატის სწრაფი ცვლილება სიცოცხლისთვის გამოწვევებს და განვითარების საჭიროებას წარმოშობს. შესაბამისად, თუ რგოლმა კლიმატის ცვლილება გამოიწვია, ამით შეიძლება სწრაფი ევოლუციაც განაპირობა“, — აღნიშნავს ტომკინსი.

მისივე განცხადებით, სახალისო კონცეფცია ისაა, რომ ეს ცხელი პლანეტის ტერაფორმირების ერთ-ერთი გზა უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, თუკი მოზრდილ ასტეროიდს ვენერას გარშემო დაშლის ორბიტაზე გადავამისამართებთ, გაციებამ შეიძლება განაპირობოს მისი ტოქსიკური ატმოსფეროს ნაწილობრივი გამორეცხვა და შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვნად გაციებაც.

ეჭვგარეშეა, ვენერას ტერაფორმირებას სწრაფად ვერ შევძლებთ, მაგრამ ამის წარმოდგენაც კი ნამდვილად სახალისოა.

კვლევა Earth and Planetary Science Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.