შორეულ ვარსკვლავურ სისტემაში ასტრონომებმა გიგანტური შეჯახება შენიშნეს
უცხო ვარსკვლავურ სისტემაზე დაკვირვებისას, ასტრონომებმა შენიშნეს იმდენად განსხვავებულ პლანეტათა წყვილი, რომ მათი ნიშან-თვისებები მასიურ შეჯახებაზე უნდა მიუთითებდეს.
მთავარი განსხვავება პლანეტების სიმკვრივეა. მიუხედავად იმისა, რომ ორი მეზობელი პლანეტა ერთნაირი ზომისაა, ერთი მათგანი მეორეზე ორჯერ მკვრივია. მეცნიერები, რომლებმაც სიმკვრივეები გაზომეს, ფიქრობენ, რომ ასეთი განსხვავების მიზეზია გიგანტური შეჯახება, რის შედეგადაც, ერთ-ერთმა პლანეტამ ნაკლებად მკვრივი მანტია დაკარგა.
2014 წელს აღმოჩენილი პლანეტები გარს უვლის ვარსკვლავს სახელად კეპლერ-107; მოგვიანებით იქ კიდევ ორი სხვა პლანეტა აღმოაჩინეს. ორი შიდა პლანეტა — კეპლერ-107b და კეპლერ 107c დაახლოებით ერთნაირი ზომისაა. ახალი კვლევის ფრაგლებში, მეცნიერებმა ამჯერად მათი მასა განსაზღვრეს.
პლანეტები თავის დროზე კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა, რომელიც ვარსკვლავთა სინათლეში მკრთალ ჩაბნელებებზე ნადირობდა. როგორც წესი, ასეთი ჩაბნელებები გამოწვეულია პლანეტის ჩავლით ვარსკვლავსა და ტელესკოპს შორის. ამ მიდგომას ტრანზიტის მეთოდი ეწოდება. ეს ჩაბნელებები ვარსკვლავისა და პლანეტის შედარებითი ზომების პროპორციულია.
თუმცა, ეგზოპლანეტათა აღმოსაჩენად ბოლო დროს ასევე გამოიყენებენ სხვა ტექნიკას — რადიალური სიჩქარის მეთოდს, რომელიც უთვალთვალებს მცირე რხევებს ვარსკვლავის მოძრაობაში. ეს რხევები გამოწვეულია პლანეტის გრავიტაციით. შესაბამისად, მისი საშუალებით მეცნიერებს პლანეტის მასის გაგებაც შეუძლიათ.
როცა მკვლევართა ჯგუფმა ამ ორი ტიპის მონაცემები ერთმანეთს შეურწყა, გაირკვა, რომ კეპლერ-107-ის ორი შიდა პლანეტა ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავდება. განსაკუთრებით დამაინტრიგებელია თავად სისტემა, რადგან მკვრივი პლანეტა ვარსკვლავისგან უფრო შორსაა, ვიდრე ნაკლებად მკვრივი. რადგან სხვა სისტემებში როგორც წესი, სიტუაცია პირიქითაა, მეცნიერებმა კვლევა დაიწყეს, რათა ამ ფენომენის პოტენციური მექანიზმები დაედგინათ.
საბოლოოდ ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ კეპლერ-107c ასე მკვრივი იმიტომ გახდა, რომ გიგანტურმა შეჯახებამ პლანეტას გარე, ნაკლებად მკვრივი ფენები შემოაცალა.
რაც არ უნდა ეგზოტიკურად ჟღერდეს, გიგანტური შეჯახებები საკმაოდ ხშირია. მეცნიერების ვარაუდით, სწორედ შეჯახება გახდა მერკურის დიდი ბირთვის, დედამიწისა და მთვარის ერთნაირი შემადგენლობისა და ურანის უცნაური დახრილობის მიზეზიც.
მეცნიერთა აზრით, შორეულ ვარსკვლავურ სისტემებში ადგილი აქვს უფრო დიდ შეჯახებებსაც.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.