შორეულ პულსარზე ჩატარებულმა უპრეცედენტო დაკვირვებამ შესაძლოა, უდიდესი კოსმოსური საიდუმლო ამოხსნას
შორეულ პულსარზე ჩატარებულმა უპრეცედენტო დაკვირვებამ შესაძლოა, უდიდესი კოსმოსური საიდუმლო ამოხსნას

წარმოიდგინეთ, პლუტონის ზედაპირზე მჯდარი რწყილის ფოტო, რომელიც დედამიწიდან ტელესკოპმა გადაიღო. დაახლოებითი იგივე გააკეთეს ასტრონომებმა ახლახან, როცა დედამიწიდან 6500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე 20 კმ სიგანის პულსარი შეისწავლეს.

შედეგი გამაოგნებელია, მაგრამ არანაკლებ საოცარია დაკვირვებათა უკან არსებული ფიზიკური პროცესები, რამაც შესაძლოა, გამოააშკარავოს ასტრონომიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოთა მეტად საჭირო დეტალი.

კანადელმა ასტრონომებმა გამოიყენეს უნიკალური მეთოდი, რომელიც პულსარების ნაკადების სპექტრს იმდენად ადიდებს, რომ მეცნიერებს მათი მდებარეობის დიფერენცირების საშუალება ეძლევათ.


ამ ფენომენის გარკვევით, მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი შორეულ „ჯოჯოხეთში“ მიმდინარე ამბების შესახებ. პულსარი PSR B1957+20 ნამდვილი მონსტრია. აღმოაჩინეს 30 წლის წინ. მასის თვალსაზრისით, ამ სახის ობიექტებს შორის ერთ-ერთი რეკორდსმენია.

დაახლოებით პატარა ქალაქის ზომის ეს ნეიტრონული ვარსკვლავი საკუთარი ღერძის გარშემო წამში რამდენიმე ასეულ ბრუნვას ასრულებს. პარალელურად, სწრაფად მოძრაობს ცივი ვარსკვლავის გარშემო, ცხრა საათიან ორბიტაზე.

ბუნებაში არსებულ სხვა პულსირებად ვარსკვლავთა მსგავსად, ეს ობიექტიც ბჟუტავს ინტენსიური მაგნიტური ველის წყალობით, რომელიც ელექტრომაგნიტურ რადიაციას ორ ნაკადად მიმართავს, წარმოუდგენლად ძლიერი რადიოტალღების სახით.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს მხეცი თავის კომპანიონ ჯუჯა ვარსკვლავს ნელ-ნელა ჭამს.

ამ მიზეზით PSR B1957+20-ს ზედმეტსახელად შავი ქვრივი უწოდეს.

პულსარსა და მასზე უფრო დიდ ყავისფერ ჯუჯას შორის მანძილი რამდენჯერმე აღემატება დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილს. ეს კი საკმარისია, რათა პულსარის ინტენსიური რადიაციის ნაკადმა კომპანიონი ვარსკვლავი ჩვენი მზის ტემპერატურამდე გააცხელოს.


შედეგად, ყავისფერი ჯუჯას ზედაპირიდან კოსმოსში ამოიტყორცნება პლაზმის ღრუბელი და წარმოიქმნება გაზის დიფუზიური „ნაჭუჭი“.

რაც უფრო მეტი ვარსკვლავის სინათლე კრთის ჩვენს ატმოსფეროში, მით მეტად მრუდდება შავი ქვრივისგან მომდინარე შუქი, რადგან ორბიტაზე მოძრაობისას, იცვლება პლაზმის სიმკვრივე. ამ ყველაფერმა ასტრონომებს მის მიერ გამოყოფილ სპექტრზე ახლო დაკვირვებების საშუალება მისცა.

„ეს გაზი პულსარის წინ მოთავსებული გამადიდებელი შუშასავით მოქმედებს. ამ პულსარს ძირითადად ვაკვირდებით ბუნებრივი გამადიდებლით, რომელიც პერიოდულად გვაძლევს საშუალებას, ორი რეგიონი ერთმანეთისგან განცალკევებით ვიხილოთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტორონტოს უნივერსიტეტის ასტრონომი რობერტ მეინი.

სინათლის მომატებისთვის პლაზმის ღრუბლის გამოყენების მეთოდი ცალკე აღნიშვნის ღირსია, მაგრამ ამ აღმოჩენას თან ახლდა კიდევ ერთი ბონუსი.

პულსარის გამოსხივების სიხშირის სტრუქტურა ძალიან ჰგავს ე. წ. FRB 121102-ისას. ეს უკანასკნელი წარმოადგენს რადიაციის მიკროწამიერ ანთებას, რომელსაც სწრაფ რადიოსიგნალს (FRB) უწოდებენ.


როგორც წესი, სწრაფ რადიოსიგნალებს ასტრონომები მხოლოდ ერთხელ ხედავენ, მაგრამ წყარო FRB 121102 გამონაკლისი აღმოჩნდა, რადგან გამოყოფს განმეორებად სიგნალებს. გარდა ამისა, ის პოლარიზებულია და ეს დეტალი ალბათ მისი წარმოშობის გარკვევამდეც მიგვიყვანს.

გზადაგზა შემხვედრი ასეთი განსაცვიფრებელი მინიშნებების ფონზე, ასტრონომები ამ ფენომენის ამოხსნაზე ჯერ კიდევ თავს იმტვრევენ.

მიუხედავად იმისა, რომ PSR B1957+20 სწრაფ რადიოსიგნალთა წყარო არ არის, მის სპექტრში ამ ფენომენის კვალი მაინც შეიმჩნევა, რაც ცხარე დისკუსიებს წარმოშობს.

მკვლევართა განცხადებით, FRB-ებზე შემჩნეული ბევრი თვისების ახსნა შესაძლებელია, თუკი მათი გადიდება პლაზმის ლინზებით მოხდება.

„ჩვენი კვლევის ფარგლებში დაფიქსირებული გაძლიერებული პულსები თვალშისაცემ მსგავსებას ამჟღავნებს FRB-ს განმეორებით ანთებებეთან, რაც გვაფიქრებინებს, რომ განმეორებადი FRB პლაზმის მიერ არის ლინზირებული თავის მშობლიურ გალაქტიკაში“, — ამბობს მეინი.

როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო, რათა რადიოტალღების ამ იდუმალ ანთებათა საიდუმლო საბოლოოდ ამოიხსნას.

თუმცა, ახლა, როცა უკვე ხელთ გვაქვს მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავთა ანალიზის ახალი მეთოდი, შესაძლოა, არც ისე დიდი დრო დარჩა ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია dunlap.utoronto.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით