შინდისის 17 გმირის ძეგლი მომავალ წელს გაიხსნება [ფოტო]
შინდისის 17 გმირის ძეგლი მომავალ წელს გაიხსნება [ფოტო]

​დღეს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს კიდევ ერთხელ იხსენებენ. გორის რაიონის სოფელ შინდისში გმირთა მემორიალთან სამხედროების ხსოვნას პატივს მთელი დღის განმავლობაში მიაგებენ.

მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სპეციალური ბანერი, რომელზეც 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია არის გამოსახული. ბრინჯაოს ძეგლის ასაგებად მილიონ ლარამდეა მობილიზებული. საქართველოს მთავრობამ 530 000 და თავდაცვის სამინისტრომ 400 000 ლარი გამოყვეს.

დღეს მემორიალთან თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ შინდისში დაღუპულთა უკვდავსაყოფად ძეგლი მომავალ წელს გაიხსნება.

„17 ქართველი სამხედრო მოსამსახურის უკვდავსაყოფად შინდისში აშენდება მემორიალი. ჩვენ, ქართველებს ისტორიულად სწორედ ასეთი გმირობები გადაგვარჩენს“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

მემორიალთან შეკრებილებს დღეს მემორიალის მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძემ ძეგლის კონცეფციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.