შინდაგორიძე მე-18 წუთზე შეცვალეს - ქართველი მძიმედ დაშავდა
შინდაგორიძე მე-18 წუთზე შეცვალეს - ქართველი მძიმედ დაშავდა

ბელარუსის ჩემპიონატში მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. სოლიგორსკის „შახტიორი“, სადაც ორი ქართველი თამაშობს, ბორისოვოში ოქტიაბრსკის „სმოლევიჩს“ ესტუმრა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.

ჩემპიონატის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სოლიგორსკის „შახტიორის“ შემადგენლობაში გეგა დიასამიძე არ ყოფილა და ის მოედანზე არც შეცვლაზე გამოჩენილა.

სამაგიეროდ, სასტარტოში დაბრუნდა ლაშა შინდაგორიძე, მაგრამ დიდი ალბათობით, მწვრთნელის რჩეულ 11 მოთამაშეს შორის ის ორი თვე მაინც ვეღარ მოხვდება. ქართველი თავდამსხმელი მე-18 წუთზე შეცვალეს. მიზეზი ტრავმაა, რომლის სიმძიმეც ჯერ უცნობია. „შახტიორის“ მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა მატჩის შემდგომ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ქართველის მდგომარეობაზეც ილაპარაკა.

„ჯერ საბოლოოდ არ შეიძლება ითქვას, შინდაგორიძე რამდენად სერიოზულად დაშავდა. უკეთეს შემთხვევაში, მენისკის პრობლემა აქვს, შესაძლოა, ჯვარედინი იოგებიც აქვს დაწყევტილი. ამ ეპიზოდში ის მარტო იყო, არავინ შეხებია. მაგრამ ეს ფეხბურთია და სამწუხაროდ, მსგავსი ამბები ხდება“ – ამბობს ვერნიდუბი.

ოთხი ტურის შემდეგ სოლიგორსკის „შახტიორმა“ ხუთი ქულა დააგროვა და მე-11 ადგილს იკავებს.