შინაური ცხოველები სასტიკი მოპყრობისაგან კანონით იქნებიან დაცული
შინაური ცხოველები სასტიკი მოპყრობისაგან კანონით იქნებიან დაცული

შინაური ბინადარი ცხოველები სასტიკი მოპყრობისაგან კანონმდებლობის დონეზე იქნებიან დაცული.

შესაბამისი ცვლილებები „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება, პირველი არხის ინფორმაციით, რამდენიმე კვირაში მოხდება, ცვლილებების ინიციატორი კი გარემოს დაცვის კომიტეტი იქნება.

ცვლილებების მიხედვით, დაუშვებელია შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება, მსგავსი ქმედებების ნებისმიერი ხელშეწყობა, შინაური ბინადარი ცხოველისადმი ძალადობისკენ მოწოდება.
პროექტით კონკრეტდება, რომ შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ითვლება: გაწვრთნის მიზნით, შინაური ბინადარი ცხოველის ცემა ან ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც მას აიძულებენ, ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს გასცდეს და რომელიც გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მენტალურ ტანჯვას, ფიზიკურ ტრავმას ან დასახიჩრებას.

ასევე, ზემოთ აღნიშნულ ქმედებად ჩაითვლება – შინაურ ბინადარ ცხოველთა გაგდება და მიტოვება; შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება სამიზნეებად და საჭიროების შემთხვევაში შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული დახმარების აღმოუჩენლობა; ასევე, შინაურ ბინადარ ცხოველებზე ანესთეზიის და ანალგეზიის გარეშე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები; ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია, შინაური ბინადარი ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, კუდის მოჭრა, ხმის იოგების, კლანჭების, ჩლიქებისა და ეშვების დამახინჯება ან მოცილება, სმენის დაქვეითება და სხვა), ასევე, შინაური ბინადარი ცხოველის სხეულის ნაწილის, რბილი ქსოვილების ან/და ძვლების, სტრუქტურის შეცვლა; აგრეთვე, შინაური ბინადარი ცხოველების ისეთ პირობებში ყოლა, რომლებიც მათ სახეობას, ასაკს, ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას არ შეესაბამება.

კანონპროექტის გათვალისწინებით განისაზღვრება, რომ შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ითვლება: შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება რეკლამებში, კინოგადაღებებში, ფოტოგრაფიაში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც მათ ადგება ტკივილი, შიში, სტრესი, ტანჯვა და თუ ასეთი ღონისძიებების დროს მას აიძულებენ, ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს გასცდნენ, ან სადაც შინაური ბინადარი ცხოველი შეიძლება დასახიჩრდეს ფიზიკურად ან მენტალურად; ასევე, ზოოფილური აქტები შინაურ ბინადარ ცხოველებთან.