შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 8 823 აივ ინფიცირებულია რეგისტრირებული
შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 8 823 აივ ინფიცირებულია რეგისტრირებული

​2021 წლის 16 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8 823 აივ ინფიცირებული პირი, მათ შორის, 6 587 – მამაკაცი, 2 236 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, 1834 გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 16 მაისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5 517 (4 897 + 620 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 44 ბავშვია (35 + ცხრა აფხაზი ბავშვი).

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.7 პროცენტი (3 153) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.6 პროცენტი (4378) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.4 პროცენტი (1091) – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 პროცენტი (112) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 პროცენტი (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.5 პროცენტი (48) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

ცენტრის ცნობით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3 305 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, ორი დაუდგენელი); სამეგრელოში 1 197; შემდეგ იმერეთში 1 058; აჭარაში 1006; აფხაზეთში (532); კახეთში (443); ქვემო ქართლში (499); შიდა ქართლში (327); გურიაში (187); სამცხე-ჯავახეთში (121) და ა.შ.

„ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672, 2019 – 668; 2020 წელს – 530;

2021 წლის 16 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია – 191 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 187 ახალი შემთხვევა.

2021 წელს გარდაიცვალა 41 აივ ინფიცირებული.  2020 წელს – 157, 2019 წელს – 116, 2018 წელს – 135, 2017 წელს – 127, 2016 წელს – 168, 2015 წელს – 94, 2014 წელს – 84 პირი.

საქართველოში გამოვლენილია სულ 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 47 – გოგონა.  30  გარდაიცვალა, სამი გავიდა ქვეყნიდან“, – აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციაში.

16 მაისს შიდსის ვირუსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.