საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრისთვის უკვე მოძიებულია მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი შენობა აშენდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ცენტრთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შიდსის ცენტრის ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია.
„ჩვენ ამ წლების განმავლობაში რამდენიმე მცდელობა გვქონდა, გაგვეუმჯობესებინა. ერთ-ერთი იყო ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომელიც უნდა გაგვერემონტებინა, მაგრამ იქ შეჭრილი სოციალურად დაუცველებისა და უსახლკაროების გამო, ეს ვერ მოვახერხეთ. მთელი ამ წლების განმავლობაში, წელიწადში თითქმის ნახევარ მილიონს ვიხდით იჯარის თანხას კერძო მესაკუთრისთვის. რამდენიმე თვის წინ, შიდსის ცენტრს გამოეყო მილიონ ლარზე უფრო მეტი რემონტისთვის და ნახევარ მილიონზე მეტი აღჭურვილობის შესაძენად. პარალელურად, უკვე მოძიებულია მიწის ნაკვეთი დიღმის სამედიცინო პლასტერში, პრაქტიკულად დასრულებულია პროექტირება. დაიწყება ახალი კლინიკის მშენებლობა, რომელიც ორი წლისთავზე უკვე უნდა შევიდეს ფუნქციონირებაში“, – განაცხადა სერგეენკომ.